ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამიშები თანამედროვე ცივილიზაციის ყოველგვარ სიკეთეს უარყოფენ


ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატში უცნაური ხალხი ცხოვრობს, რომლებიც დღემდე მე-18 საუკუნის ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი და თანამედროვე ცივილიზაციის ყოველგვარ სიკეთეს უარყოფენ.

ესენის არიან ამიშები. მე-18, მე-19 საუკუნეებში გერმანიიდან და შვეიცარიიდან გადმოსახლებული ემგრანტები. მათ თავიანთი სამშობლო რელიგიური დევნის გამო დატოვეს. ამიშები პენსილვანიის გარდა ამერიკის კიდევ 22 შტატში ბინადრობენ და კანადაში ონტარიოშიც არიან დასახლებულნი.

პენსილვანიის ლანკასტერის საგრაფოს სხვანაირად ჰოლანდიელთა საგრაფოსაც ეძახიან, ამიშების გამო. არადა ამიშები წარმოშობით ხომ გერმანიიდან არიან. მაგრამ როგორც ჩანს ადგილობრივმა მოსახლეობამ, ინგლისელმა კოლონისტებმა, გერმანული Deutsch თავისებურად წარმოთქვes როგორც Dutch, Dutch კი ინგლისურად ჰოლანდიელს ნიშნავს. მაგრამ როგორც ლინგვისტები ამბობენ ინგლისელებიც ხშირად მოიხსენიებენ გერმანელებს ამგვარად.

ამიშები დღესაც ისე ცხოვრობენ როგორც მათი წინაპრები რამდენიმე საუკუნის წინათ. ისინი თავიანთ ქოხებს დღესაც შეშით ათბობენ, წყალს მხოლოდ ჭიდან ეზიდებიან, არ სარგებლობენ მანქანებით და ცხენებშებმული ეტლებით მოგაზურობენ. მათ უარი თქვეს ელექტროენერგიაზე და სატელეფონო კავშირზე. ისინი მთლიანად მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს.

ამიშები ყველასაგან გამოირჩევიან თავიანთი ჩაცმულობითაც. ქალებს გრძელი, მუქი ფერის კაბები აცვიათ და გაქათქათებულ თავსაფრებს ატარებენ. კაცები კი შავ ტანისამოსში გამოწყობილები წვერმოშვებულნი დადიან.

ამიშების ოჯახებში როგორც წესი 7-8 ბავშვია, რომლებიც მხოლოდ დაოჯახების შემთხვევაში ტოვებენ მშობლების სახლკარს.

ამიშები ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევენ, ისინი საუცხოო ფერმერები არიან. მარცვლეული კულტურები მათ ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, მამა-პაპური წესით მოჰყავთ. თითოეულ ოჯახი დაახლოებით 20 ჰექტარამდე მიწას უვლის პირუტყვთან ერთად.

ამიშების თემი გარესამყაროსგან სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრობს. კაცებს საკუთარი ძალებით შეუძლიათ სახლის აშენება, ავეჯის გაკეთება, საქონლის მოვლა და მოსავლის მოყვანა. ამიში ქალები კი თვითონვე კერავენ ტანსაცმელს და აბინავებენ სურსათ-სანოვაგეს. მათი მოქსოვილი დალიანდაგებული საბნები კი მთელს მსოფლიოშია ცნობილი.

ამიშები ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს სახლების მშენებლობაში და ყველაფერში თანადგომას უწევენ თემის წევრებს. ისინი მკაცრად იცავენ წინაპართა ადათ-წესებს ერთად აღასრულებენ ღვთისმსახურებას და საერთოდ არ აინტერესებთ რა ხდება მათი საზოგადოების გარეთ.

XS
SM
MD
LG