ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობოები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ


როგორც ცნობილია, შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. პარტიებმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. კონსერვატორები დღეს, ხვალ და 4 ივნისს თბილისში ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში პრაიმერის, ანუ შიდაპარტიულ არჩევნებს მართავენ.

უკვე დაასახელეს თბილისის მერობის კანდიდატი მრეწველებმა. მრეწველთა კანდიდატი გოგი თოფაძე იქნება, თუმცა ოპოზიცია დღესაც არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავს , თუ ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში კორექტივები არ შეიტანა. ამ მოთხოვნით დღეს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს - იმელის შენობის ფასადზე მათ პლაკატები გააკრეს:

- დაიშალოს ერთპარტიული ცსკ !

- პარიტეტი! პარიტეტი! პარიტეტი!

- მოვითხოვთ ახალ საარჩევნო კოდექსს!

- მოვითხოვთ ახალ დედაქალაქის და თვითმმართველობის შესახებ კანონებს!

აქციაში ცსკ-ოს შენობასთან ,მათ შორის, „ვეტერანთა დარბაზის“ წევრები მონაწილეობდნენ, დარბაზის წევრმა ჩიორა წიკლაურმა „ ამერიკის ხმისთვის“ შემდეგი კომენტარი გააკეთა : - „ ჩვენ მოვითხოვთ რომ პარიტეტი იყოს დაცული. აუცილებლად უნდა დაიწიოს საარჩევნო ბარიერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი უნდა შეიცვალოს ...“.

აქციაზე „ ვაკის გონივრული განვითარების“ თავმჯდომარეს, ქ-ნ ლეილა გაფრინდაშვილს გავესაუბრე :

ლ.გაფრინდაშვილი : „ - ჩვენ იმის გამო შევიკრიბეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში 90-ან წლებიდან რაღაც ტრადიცია შეიქმნა, რომ სულ ძალადობრივი გზით იცვლება ხელისუფლება.დღევანდელ კანონმდებლობას, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას შემოსთავაზა, ისევ იმისკენ მივყავართ, რომ ისევ ძალადობით შეიცვალოს ხელისუფლება.“

ოპოზიცია და არასამთავრობოები იმედს არ კარგავენ, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა და ადგილობრივი არჩევნების ჩაშლას არ დაუშვებს.

XS
SM
MD
LG