ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში შეიარაღებული სუნიტური დაჯგუფების აქტიური წევრი ჰაბიბ ულა დააპატიმრეს


პაკისტანის ქალაქ კეტას პოლიციის სამმართველოს განცხადების თანახმად ჰაბიბ ულა წუხელ აიყვანეს. ამის თაობაზე პოლიციის სამმართველოს უფროსმა მოჰამედ იაქუბმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “ამ პირის დაპატიმრება წინ გადადგმული ნაბიჯია. პოლიცია მას კარგა ხანია დაეძებდა 2003-სა და 2004 წლებში განხორციელებული ტერაქტებისათვის, რასაც დაახლოებით 110 ადამინის სიცოცხლე შეეწირა”.

ჰაბიბ ულა ექსტრემისტული სუნიტური შეიარაღებული დაჯგუფების “ლაშქარ ე ჯანგვის” წევრია, რომელმაც არა ერთი თავდასხმა განახორციელა პაკისტანის შიით მუსლიმებზე, რომლებიც რელიგიურ უმცირესობას შეადგენენ. პოლიციის განცხადების თანახმად ულამ უკვე აღიარებითი ჩვენება მისცა იმის თაობაზე, რომ მან სამ ამგვარ თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა, მარტში მომხდარი ტერ.აქტის ჩათვლით, რომელმაც ქალაქ კეტაში 60-ი ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა. ჰაბიბ ულას ამას წინათ სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.

დაჯგუფება “ლაშქარ ე ჯანგვი“ პაკისტანში 2001 წელს აიკრძალა. პაკისტანის მთავრობის მონაცემებით ეს დაჯგუფება თავდასხმებს ახორციელებდა პაკისტანის რელიგიურ უმცირესობებზე. ვარაუდით სწორედ ეს დაჯგუფება აქტიურად მოქმედებს სამთავრობო და ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვასა და მოწყობაში.

პაკისტანის სპეც.სამსახურების მონაცემების თანახმად დაჯგუფება მჭიდროდაა დაკავშირებული ალყაიდასა და თალიბთა ისლამისტურ ორგანიზაციებთან. 1999 წელს ამ დაჯგუფების წევრები წარუმატებლად შეეცადნენ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის მკვლელობას. 2002 წელს სწორედ ამ დაჯგუფების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ამერიკელი ჟურნალისტის დენიელ პერლის გატაცებასა და მკვლელობაში. პოლიციის განცხადების თანახმად გრძელდება სპეც. ოპერაცია დაჯგუფების სხვა წევრების ასაყვანად.

XS
SM
MD
LG