ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პლანეტაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები


21-ე საუკუნეში კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები იქნება, რაც პირველ რიგში გლობალური დათბობის პროცესით არის
გამოწვეული.

2001 წელს გაეროს შესაბამისი სამსახურის მიერ
გამოქვეყნებულ დოკუმენტში საკმაოდ შემაშფოთებელი პროგნოზია გამოთქმული, რომლის მიხედვით 21-ე საუკუნის მიწურულს დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით ექვსი გრადუსით მოიმატებს.

ახლახანს ბრიტანულ ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული სტატია სწორედ აღნიშნულ პრობლემას ეხება. სტატიის ერთ-ერთი ავტორი ენტონი მაკმაიკლი მიიჩნევს რომ კლიმატის მკვეთრი ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამერიკის ხმასთან საუბარში ბატონმა მაკმაიკლმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ჩვენთვის ცნობილია რომ იმგვარი ინფექციური დაავადებების გავრცელება როგორიც არის ციებ- ცხელება და მალარია ჰაერის ტემპერატურაზე და კლიმატის თავისებურებებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა ტემპერატურის მომატება ქარიშხლების, წყალდიდობების და გვალვების რიცხვის ზრდას გამოიწვევს, რაც ასევე უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მთელს კაცობრიობაზე.

ენტონი მაკმაიკლი ავსტრალიის უნივერსიტეტის ეპიდომოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელია კანბერაში. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ ბოლო დროს ალასკაში კანადასა და ავსტრალიაში შესამჩნევ დათბობას. უჩვეულოდ დიდმა სიცხეებმა 2003 წელს მთელს დასავლეთ ევროპაში არნახული სიკვდილიანობა გამოიწვია.

ბატონი მაკმაიკლის განცხადებით: დასავლეთ ევროპაში პაპანაქება სიცხის გამო 35 ათასი კაცი გარდაიცვალა. მათი უმრავლესობა საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის მოქალაქეები იყვნენ.

ისტორიული წყარობის მიხედვით ასეთი სიცხეები წარსულში ოთხ საუკუნეში ერთხელ მეორდებოდა. 2050 წლისთვის კი ამგვარი რამ შესაძლოა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მოხდეს. უკვე დღესვეა შესამჩნევი არქტიკის ყინულოვანი საფარის შემცირება და მაღალმთიანი მყინვარების კლების პროცესი მთელს მსოფლიოში. რაც შეეხება ნფექციურ დაავადებებს, რომელთა უმრავლესობა კოღოს საშუალებით გადადის, ტემპერატურის ზრდასთან ერთად ნესტის მომატებამ, აფრიკაში მალარია, შვეციაში ენცეფალიტი და ბანგლადეშში ქოლერის გავრცელება გამოიწვია.

ავსტრალიელი მეცნიერის აზრით ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურის უჩვეულო ზრდა ადამიანის სამრეწველო მოღვაწეობის შედეგია, რაშიც პირველ რიგში ე.წ. განვითარებული ინდუსტრიის ქვეყნებს მიუძღვით
ბრალი.

სამწუხაროდ მსოფლიოს დღევანდელ მესვეურებს წარმოდგენაც კი არა აქვთ რა საშიშროების წინაშე დგას მთელი კაცობრიობა. რადგან თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, შორეულ პერსპექტივაში ადამიანის ჯანმრთელობას მთელს პლანეტაზე სერიოზული საფრთხე დაემუქრება, დედამიწის ზოგიერთ კუთხეში კი საერთოდ გაუსაძლისი გახდება არსებობა.


XS
SM
MD
LG