ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო  26 მაისს ზეიმობს !


მთელი საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალმა - მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.აღლუმში მონაწილეობა 18 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, რეგიონებიდან 5 ათასამდე რეზერვისტი ჩამოვიდა.

აღლუმის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ჯარის აღმშენებლობაში გაწეული ღვაწლისათვის 17 ოფიცერი დააჯილდოვა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ძირითადი ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე გაამახვილა, აფხაზებს და ოსებს სააღლუმო ტრიბუნიდან პრეზიდენტმა შემდეგი სიტყვებით მიმართა : - დასრულდა ნგრევის დრო, ვიწყებთ მშენებლობას, მიიღეთ მონაწილეობა ამ მშენაბლობის პროცესში.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტმა შეიარაღებული ძალების კაპიტან გიორგი შენგელიას, რომელიც გასულ წელს 7 თვის განმავლობაში მონაწილეობდა ოპერაციაში „ მშვიდობის მხარდაჭერა ერაყში“, აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებით გიორგი შენგელიას ბრინჯაოს ღირსების მედალი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, განაცხადა, რომ : - ქართული არმია არავის ემუქრება იმ ხალხის გარდა, ვინც მზად არის ხელი აღმართოს საქართველოს თავისუფლებაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და დამოუკიდებლობაზე.

აღლუმის პარალელურად თბილისში აქციები გამართა იგორ გიორგაძის „სამართლიანობამ“ სპორტის სასახლესთან, მათი აქცია ეკა კვალიაშვილის კონცერტით დასრულდა და, არასაზეიმო ხალხმრავალი აქცია უნივერსიტეტის ეზოში გამართა პარტია „თავისუფლებამ“, რომლის ლიდერის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, საზეიმო არაფერი გვაქვს! „ თავისუფლების“ ლიდერმა სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ილაპარაკა. აქციას „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ესწრებოდნენ. „ამერიკის ხმისთვის“ კომენტარი გააკეთა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა: - „ ჩვენ, როგორც ყველა ნამდვილი ქართველი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, მეორეს მხრივ საპროტესტო განწყობა არსებობს და საპროტესტო მოთხოვნები...“.

უნივერსიტეტის ეზოში მივიდა სანდრო გირგვლიანის დედა - ირინა ენუქიძე, რომელმაც თქვა : - მოვედი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ამ აქციაზე სიკვდილის ბრიგადების საკითხს დააყენებდნენ...“.

XS
SM
MD
LG