ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუამ-ს კიევში საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა!


კიევში სუამ-ის სამიტზე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დამფუძნებელ დოკუმენტს - ამიერიდან სუამ-ს ოფიციალურად საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა. კიევში საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა შეთანხმდნენ, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გზებს ერთად მოძებნიან.

სუამ-ის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით გადავჭრათ საკითხები, რომლებიც დსთ-ს ფარგლებში ვერ მოგვარდა - განაცხადა კიევში მიხეილ სააკაშვილმა.

- „ სუამ-ის გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნები უფრო სერიოზულ სტრუქტურებში - ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას ისახავენ მიზნად. სუამ-ი მინი-ტრამპლინის როლს ასრულებს“ - აცხადებს დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვი და სუამ-ში ბელორუსისა და სომხეთის შესვლას არ გამორიცხავს.

სუამ-ის სამიტის გახსნამდე, რამდენიმე დღით ადრე უკრაინაში ქართული ღვინის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო. კიევისკენ მიმავალ ტრასაზე , კიევის ცენტრში განთავსებულია პლაკატები „ გასინჯე თავისუფლების ღვინო“, „ ქართული ღვინო რუსეთში აკრძალულია“ და სხვა. უკრაინის ზოგიერთმა ტელეკომპანიამ და სარეკლამო სააგენტოებმა ქართველ მეღვინეებს შეღავათიან ფასებში დაუთმეს სარეკლამო ფართობი.

სამიტის შესახებ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრის, დეპუტატ ნიკა გვარამიას კომენტარი :

- ვფიქრობ, რომ სუამ-ი ჯერჯერობით ძალიან პასიურია, მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ასრულებს, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციას გამოცოცხლება სჭირდება. სუამ-ის გამოცოცხლება შესაძლებელია, მითუმეტეს, თუ მას აგრესიული , ექსპანსიური პოლიტიკა ექნება სხვა ქვეყნების საკუთარ სივრცეში შემოყვანასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს...“

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ზემოხსენებული ქვეყნები სუამ-ში გაერთიანებას, ნ.გვარამია პასუხობს - „ გააჩნია, სუამ-ი მათ რას შესთავაზებს. ჯერჯერობით სუამ-ის აქტივობა ნულოვანია...“

XS
SM
MD
LG