ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წლის ბოლომდე ერაყის შეიარაღებული ძალები მზად იქნებიან უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება


ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის განცხადებით ამ წლის ბოლომდე ერაყის შეიარაღებული ძალები მზად იქნებიან უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება.ეს განცხადება ბატონმა ალ-მალიქმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ივნისში ერაყის ორი პროვინცია მთლიანად გადავა მოკავშირეთა ძალებისგან ერაყელთა პასუხისმგებლობის ქვეშ. ამ პროცესს თანდათანობით ერაყის სხვა პროვინციებიც შეუერთდებიან ბაღდადის და ალ-ანბარის რაიონების გარდა, სადაც ყველაზე უფრო დაძაბული ვითარებაა შექმნილი.

თავის მხრივ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა აღნიშნა, რომ ერაყის კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდა ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისი თქმით: ” ერაყს ხალხის მიერ არჩეული ახალი მთავრობა ჰყავს და მიუხედავად ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემებისა, ამ მთავრობას თავისი პროგრამა გააჩნია.”

ერაყში ტონი ბლერის მოულოდნელი ვიზიტის დროს ბაღდადში მანქანებში დამონტაჟებული ორი ბომბი აფეთქდა, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG