ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიუჟეტი თბილისიდან: კონფლიქტური ზონები საქართველოში ( III ნაწილი).


რა შეცდომებს უშვებს ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ქართული მხარე, ამ შემთხვევაში ხელისუფლება და რა შეცდომებს უშვებს საზოგადოება. უკანასკნელ გადაცემაში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებობს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი რომელიც დაკარგული ტერიტორიების ისევ ძალადობრივი გზით დაბრუნებას ითხოვს. ჩვენი შეცდომაა, როდესაც აღვნიშნავთ რომ გვსურს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და არ ვამბობთ რომ გვსურს დაკარგულ ხალხთან შერიგება.

ასევე, რამდენიმე ხნის წინ, ქართული მედიის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა მილიტარისტული პროპაგანდა, რომელიც ყველა ახალგაზრდას ჯარში მსახურებას მოუწოდებდა და ძლიერი ჯარის შექმნას გვაუწყებდა. ქვეყანაში არსებული კონფლპიქტური ზონების პირობებში, რა გავლენას მოახდენდა ეს მილიტარისტული პროპაგანდა, როგორც ქართულ, ასევე ოსურ და აფხაზურ მოსახლეობაზე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. პაატა ზაქარეიშვილი - მგონი ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯი გადადგა და შეამცირა ეს ყალბი რიტორიკა. ერთი პერიოდი თბილისიდან გასვლისას მთელ ტრასაზე იყო უზარმაზარი პლაკატები, სადაც ეწერა “ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში”, გამოსახული იყო ჯარისკაცი უზარმაზარი 5 ჯვრიანი დროშით და იარაღით ხელში. ასევე იყო სატელევიზიო კლიპები, სადაც მინიშნებული იყო აფხაზეთიც და ოსეთიც.

მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლება მიხვდა რომ ამ გზით მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და ამიტომ ამგვარი პროპაგანდისტული მოწოდებები შეწყდა. თუკი ხელისუფლებას ვადანაშულებთ პოლიტიკურ დიპლომატიაში, როგორი უნდა იყოს სახალხო დიპლომატია. როგორ უნდა ვისაუბროთ ჩვენ, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამაც არ დაუშვას შეცდომები სხვდასხვა საჯარო გამოსვლებში, რომელსაც მაგალითად აფხაზური მხარე აქტიურად ისმენს.

ჯანა ჯავახიშვილი – დეჰუმანიზირებული არ უნდა იყოს ჩვენი სიტყვები, მაშინ როდესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ვხედავთ მხოლოდ ტერიტორიას და არა ხალხს. მაგრამ არა მხოლოდ ამაშია საქმე, მარტო სიტყვა იმდენ როლს არ თამაშობს, როგორც ჩვენი მესიჯები, რომელსაც დღევანდელი საქართველოს სინამდვილე შეიცავს. მაგალითად არიან უმცირესობები თანაბარ პირობებში უმრავლესობასთან. ჩვენ ლოზუნგათ გვაქვს რომ ქართველები ვართ ძალიან ტოლერანტული ერი, რომ დავუკვირდეთ უმცირესობის მონაწილეობს ხარისხ სოციალურ-პოლიტიკურ ასპარეზზე ეს ასე არ არის. ის, რომ საზოგადოებაც ხშირად უშვებს შეცდომებს კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში, ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ ისევე, როგორც ხელისუფლება, ჩვენ ამ კონფლიქტში დაკარგულ ტერიტორიას ვხედავთ და არა ხალხს.

აქედან გამომდინარე, ყოველი ჩვენი ქმედებისა და სიტყვის გააზრება ყოველ ჩვენთაგანს მართებს, იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით და გზით იყოს მიღწეული.

XS
SM
MD
LG