ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხზე მსჯელობს


შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივნის თანაშემწემ კერენ ჰერბერტმა, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

“მსოფლიოს ენერგია სულ რამდენიმე ქვეყანაზე, ნავთობზე რეკორდულად მაღალ ფასებზე, რესურსებზე, რომლებიც გეოგრაფიულად ძალზე ძნელ მისადგომ, პოლიტიკურად არასტაბილურ და ახალი ინვესტიციების მიზიდვისადმი მტრულად განწყობილ რეგიონებზეა დამოკიდებული”. ციტატის დასასრული.

სენატორმა რიჩარდ ლუგარმა სთქვა, რომ ორივე მმართველი პარტიის წევრების აზრით, შეერთებულ შტატებს ენერგიის მიწოდების დაცული წყაროები ესაჭიროება. მისი თქმით მიმდინარე წლის დასაწყისში, მოსკოვის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლად აღიქმება, ნათლად წარმოაჩნს იმას, რომ ენერგეტიკული ბაზარი ძლიერი პოლიტიკური იარაღი შეიძლება გახდეს.

“მას ვინც მაგალითად უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტს, ტანკებისა და სამხედრო თვითმფრინავების გამოყენების გარეშე ძალუძს სასურველი შედეგის მიღწევა. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ქვეყნის განადგურება. საკითხისადმი ჩვენი ყურადღების გამახვილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. რადგან ამ მეთოდის ამერიკის წინააღმდეგ გამოყენებაც არ არის გამორიცხული.” დაამატა სენატორმა.

ზემოთქმული საკითხის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში განხილვისას კონგრესმენმა სტივენ ლინჩმა ამერიკის წინაშე მდგომ, ნავთობთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზეც ისაუბრა. “ოპეკის წევრ ქვეყანათა შორის ნავთობის სიდიდით მეორე მწარმოებელი ირანი, მაგალითად, ამერიკის მხრიდან თეირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მოთხოვნას, ნავთობის მოპოვების შემცირების მუქარით პასუხობს. ეს კი ბუნებრივია ნავთობზე ფასების კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს.

ამას გარდა ამერიკისათვის ნავთობის, სიდიდით მეხუთე მიმწოდებლის ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი, ამერიკის მხრიდან მისი პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ გალაშქრებას ასეთივე მუქარით ეხმაურება.” აღნიშნა კონგრესმენმა. კიდევ ერთ პრობლემას ამერიკაში ნავთობის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებელში, ნიგერიაში მიმდინარე არეულობა და ძალადობა წარმოადგენს, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნავთობის მოპოვებას საგრძნობლად უშლის ხელს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პოლ საიმონის თქმით, ვაშინგტონს წამოჭრილი პრობლემებისაგან დროებით თავის დახსნა ამერიკაში არსებული საგანგებო რესურსების გამოყენებით ძალუძს.

შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 21 მილიონი ბარელი ნავთობი იხარჯება. ამ ნავთობის უდიდესი ნაწილი კი სხვა ქვეყნებიდან შემოდის. ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის ჯეისონ გრამეთის თქმით, შეერთებული შტატები ყოველდღიურად 9 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, ხოლო დანარჩენი 12 მილიონი ბარელის იმპორტს ახდენს. იგი ამატებს, რომ ამერიკა სწორედ ენერგეტიკული შიმშილიდან გამომდინარეა ჩართული მსოფლიოს არასტაბილურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებში.

“ემოციებს თუ ავყვებით გვეჩვენება, რომ სწორი იქნებოდა უბრალოდ გუდა-ნაბადის აკრეფა და ამ რთული რეგიონების მიტოვება. პრობლემა კი ისაა, რომ ჩვენ წლიურად მსოფლიოს ნავთობის 3 პროცენტს ვაწარმოებთ და 25- პროცენტი კი გვესაჭიროება. ამიტომაც, ჩვენ ამ გლობალური პროცესიდან გამოსვლა არ გვძალუძს”. ციტატის დასასრული. ივლისში, სანკტ პეტერბურგში ჩასატარებლად დაგეგმილი დიდი რვიანის შეხვედრაც, ძირითადად, სწორედ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მიეძღვნება.

XS
SM
MD
LG