ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულტურა: ქართული ლიტერატურული პრემია "საბას" შესახებ


რამდენიმე დღეში გაიმართება ლიტერატურული პრემია “საბას” კიდევ ერთი, მორიგი დაჯილდოვება. წლევანდელ დაჯილდოვებას ოდნავ განსხვავებული მოვლენა უსწრებდა წინ, აქამდე უკმაყოფილება მხოლოდ კულუარულ საუბრებში ისახებოდა. წელს მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ მისი კანდიდატურა მოხსნა ნომინაციიდან და ამ ფაქტს პრესკონფერენციაც მიუძღვნა. ბრალდებები რასაკვირველია ტრადიციულ ქართულ პათეტიკაში იყო _ “გადაწყვეტილებებს ტელეფონის ზარების მეშვეობით, ნაცნობობა_მეგობრობით იღებენ და არა ობიექტურად. ამ გოიმურ მასკარადში მონაწილეობის სურვილი არ გამაჩნია”, ასეთი იყო ზაზა ბურჭულაძის განცხადება.

რასაკვირველია, მწერლის ეს საპროტესტო განაცხადი არც თუ ისე შორს დგას ქართული მავნე ჩვევისგან, რასაც არაობიექტური, მიკერძოებული შეფასება ქვია. მაგრამ, არსებობს ერთი საკითხი. ზაზა ბურჭულაძე, რომელიც უკვე მესამეჯერ იღებს მონაწილეობას ლიტერატურული პრემიის კონკურსში, პროტესტს, მხოლოდ მესამე ჯერზე და მაშინ გამოთქვამს, როდესაც მისთვის არაოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ ის არც 2006 წლის “საბას” პრემიის ლაურეატი გახდება. ამიტომ, ისევე როგორც ყველა ქართული კონკურსი, ასევე პროტესტის ფორმები და შინაარსიც უცვლელი რჩება 21-ე საუკუნის საქართველოში. ახლა რაც შეეხება ახალ ქართულ ლიტერატურას. ჩვენი რეპორტაჟის რესპოდენტი გახლავთ ლიტერატორი ნოდარ ლადარია, რომელსაც 2005 წლის ქართულ ლიტერატურასთან გაცნობა მოუხდა. რა არის ახალი ახალ ქართულ ლიტერატურაში. ნოდარ ლადარია _ მე არ დავიწყებ ფავორიტებზე საუბარს, მაგრამ აღვნიშნავ იმ სიახლეს, რომელიც აშკარაა. წელს საბაზე წარდგენილი იქნა ძალიან ბევრი ცუდი ლიტერატურა, და ეს ძალიან კარგია, რადგან რაც უფრო ბევრი იწერება ეს უკეთესია, ვინაიდან ამ ლიტერატურულ მასაში გამოიკვეთება კარგი ლიტერატურაც. საერთი ახალ ქართულ ლიტერატურაში არის ის, რომ ის მიისწრაფის ქალაქისკენ. თუკი აქამდე მისი ინტერესის გარემო იყო სოფელი, პასტორალური გარემო, დღეს მოქმედების ადგილმა გადმოინაცვლა ქალაქში. ეს რთული პროცესია და ყველას კარგად არ გამოსდის, მაგრამ იმედი ჩნდება რომ მომავალში ქართული ლიტერატურა გახდება უფრო ურბანისტული და ცივილური. თუკი დღევანდელ დღეს ლიტერატურული პრემია საბას არსებობა ყველა მწერალსა თუ პოეტს ერთნაირად არ აკმაყოფილებს, მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ სწორედ ამგვარი პრემიები, ერთ-ერთი წინაპირობა და ხელშემწყობი მოვლენაა იმისათვის, რომ მომავალში ქართული ლიტერატურა კიდევ უფრო საინტერესო და პოპულარული გახდეს. საბას ახალი ლაურეატების შესახებ სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG