ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალკოჰოლიზმის პრობლემა და მკურნალობა


ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში ამას წინათ ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა ალკოჰოლიზმის მკურნალობის შესახებ.

გამოკვლევაში 1383 ალკოჰოლიკი იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც ახალი სამედიცინო პრეპარატით ნალტრექსონით მკურნალობდნენ. ამერიკელი ექიმების განცხადებით ეს პრეპარატი ზედგამოჭრილია იმ ადამიანებისთვის ვისაც ალკოჰოლიზმის პრობლემა აწუხებს, მაგრამ უჭირს ნარკოლოგიურ დისპანსერში დაწოლა, ან სარეაბილიტაციო ცენტრში მისვლა.

ამ პროგრამის ხელმძღვანელის დოქტორ მარკ ვილენბერგის განცხადებით:” ეს ყველაფერი დეპრესიის მკურნალობას წააგავს, როდესაც ადამიანები ფსიქოლოგთან მიდიან თავიანთ პრობლემებზე სასაუბროდ. ანდა ექიმს მიმართავენ და კონსულტაციასთან ერთად სამედიცინო პრეპარატებსაც იღებენ.” შეერთებულ შტატებში ამჯამად დაახლოებით 8 მილიონი ალკოჰოლიკია. ერთ-ერთი მათგანია ქლბატონი სილვია, რომელიც სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში მიმდინარე 4 თვიან პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. “ ეს იყო დაუძლეველი პრობლება ჩემთვის, თითქმის სიკვდილის პირას ვიყავი მისული გამუდმებული სმისგან და რაღაც უნდა მეღონა თავის გადასარჩენად.” აცხადებს ქალბატონი სილვია. მოკლედ ამ ადამიანებს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი წამლებით აკამპროსატით და ნალტრექსონით მკურნალობდნენ. პირველი მათგანი ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოსვლის პროცესს აიოლებს, მეორე კი ალკოჰოლის მოთხოვნილებას ამცირებს. ექსპერიმენტში მონაწილე ზოგიერთი პაციენტი მხოლოდ ამ მედიკამენტებს იღებდა, სხვები კი ამასთან ერთად დამამშვიდებელ პრეპარატებსაც სვამდნენ და ფსიქოლოგებთან დადიოდნენ. დოქტორი რაიმონდ ანტონი განცვიფრებულია ამ წამლების ეფექტურობით, მისი თქმით: “ პრეპარატი ნალტრექსონი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ თითმის აღარ არის საჭირო პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური თერაპიის კურსის ჩატარება.” ამ წარმატების მიუხედავად ზოგიერთი სპეციალისტი ეჭვის თვალით უყურებს ყველაფერს, რადგან მათი აზრით, თუ ალკოჰოლიკმა ოთხი თვე შეიკავა თავი სმისგან, ეს არ ნიშნავს რომ ის განკურნებულია და საბოლოოდ განთავისუფლდა ამ მავნე ჩვევისგან. მაგრამ როგორც დოქტორი მარკ ვილენბერგი აღნიშნავს ახალი წამლები დიდი შეღავათი იქნება ლოთებისათვის, რადგან სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამაში მონაწილეობას შეერთებულ შტატებში მხოლოდ ალკოჰოლიკთა 10 პროცენტი ახერხებდა. ახლა კი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იქნება შესაძლებელი ბახუსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.

XS
SM
MD
LG