ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები


საქართველოში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ამას არა მხოლოდ არასამთავრობო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იგივეს ადასტურებს. საქართველოს ომბუდსმენმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთაისში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მას ქუთაისელმა ადვოკატმა ნუგზარ ერაგიამ მიმართა, რომელიც 3 წლის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააპატიმრეს, ერთ თვეში კი ადვოკატ ნუგზარ ერაგიას გამოძიების მოთხოვნით, შერაცხადობის გასარკვევად სრულიად უკანონოდ, დოკუმენტალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. - ასეთი სახის ექსპერტიზას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საერთოდ არ ცნობს - განაცხადა ბრიფინგზე სახალხო დამცველმა. ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნუგზარ ერაგია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 5 თვე ხონის რაიონის ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც, მისივე თქმით, ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვადასხვა სახის პრეპარატებს უკეთებდნენ. წინასწარი გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით იმ პირთა მიმართ, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს, სოზარ სუბარმა გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მიმართა. სოზარ სუბარის განცხადებით, თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ერაგია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში უკანონოდ იქნა მოთავსებული, სახელმწიფომ მას მორალური და მატერიალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს, თუმცა, სახალხო დამცველს, მისივე თქმით, ნაკლებად სჯერა, რომ დაზარალებულ ერაგიას მორალურ და მატერიალურ ზიანს ვინმე აუნაზღაურებს. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სახალხო დამცველმა კერძოდ განაცხადა: - „ ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს სამართლის მხრივ. ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და სტატისტიკით დარღვევების მხრივ გამოირჩევა შიდა ქართლის რეგიონი და და ძალიან ბევრი დარღვევაა პოლიციის მხრიდან სამეგრელოში...“.

XS
SM
MD
LG