ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კრიზისი სახელმწიფო უნივერსიტეტში“


საკმაოდ დიდი ხანია, რაც ქართულ საზოგადოებაში აღშფოთების საგანს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღშფოთება მოჰყვა რეფორმებს, რომლებსაც განათლების სამინისტრო, მათ შორის, მეცნიერების ტაძარში ახორციელებს. ვითარებამ დღეისათვის შეიძლება ითქვას, პიკს მიაღწია. უნივერსიტეტის პროფესურამ საზოგადოებას შემდეგი შინაარსის ტექსტით მიმართა: -„ ვაღიარებთ რა ზოგადად განათლების სფეროში და, კერძოდ ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეფორმის გატარების აუცილებლობას, ამასთანავე მიგვაჩნია, რომ ის, რაც ამჟამად უნივერსიტეტში ხდება, არსებითად მიმართულია ქვეყნის უპირველესი უმაღლესი სასწავლებლის ნგრევისაკენ. ფაქტობრივად, ესაა ფსევდორეფორმა, რითაც ხდება რეფორმის, როგორც ასეთის ,იდეის სრული დისკრედიტაცია და პროფანაცია. აღარაფერს ვამბობთ იმ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ვითარებაზე, მორალურ ტერორზე, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა წინააღმდეგ ხორციელდება. მიმდინარე პროცესებმა უკვე გამოიწვია როგორც სწავლების ხარისხის მკვეთრი დაცემა, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალიზება. -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული უმწვავესი პრობლემებიდან გვსურს საზოგადოების ყურადღება საგანგებოდ მივაპყროთ 2 პრობლემაზე, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საკუთრივ უნივერსიტეტის ფარგლებს: - 1. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე: - 2. შიდასაუნივერსიტეტო საკადრო პროცესზე, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი პრინციპების იგნორირებით მიმდინარეობს. - სიმპტომატურია წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული პლაკატები, რომლებიც არსებითად, წახალისებაა ახალგაზრდობაში ზნეობრივი ღირებულებების რღვევისა, რაც იძლევა უკიდურესი შეშფოთების საფუძველს. - მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, გააცნობიეროს პრობლემის სიმწვავე, გამოიჩინოს მეტი აქტიურობა და ამით ხელი შეუწყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური ინტერესებისაგან თავისუფალი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე ორიენტირებული და სამართლებრივად გამართული, ძლიერი მმართველობითი ორგანოების ჩამოყალიბებას.“ - უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ კომენტარი გააკეთა პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა : - „ ჩვენ ვაპროტესტებთ, ვუჩივით ადმინისტრაციას, სასამართლოც გვიჭერს მხარს, მაგრამ ადმინისტრაციაც და განათლების მინისტრიც აცხადებენ, რომ მაინც ჩაატარებენ რეფორმას იმ ხაზით, რა ხაზითაც დაიწყეს.“ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა ჰუმანიტარული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა გიორგი თავაძემ : - „ თვითმმართველობა უნივერსიტეტში საჭიროა იმისათვის, რათა მოხდეს სტუდენტთა მხრიდან უნივერსიტეტის მართვაში თანამონაწილეობის მიღება. ეს არის ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება.“

XS
SM
MD
LG