ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი სასწრაფო ზომების გატარებას მოითხოვს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებთან მიმართებაში


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანი გზებით უნდა მოაგვაროს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებული პრობლემა. მან ამის თაობაზე განცხადება გააკეთა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ბატონმა ანანმ აღნიშნა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საქმეში განსაზღვრულმა პრობლემებმა იჩინა თავი, რადგანაც საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში დღესდღეობით როგორც ირანის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამებია.

“საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ამ პრობლემებზე სასწრაფო რეაქცია უნდა მოახდინოს, სანამ არ დაწყებულა ბირთვული იარაღების ინტენსიური გავრცელება მთელს მსოფლიოში”- აღნიშნა კოფი ანანმა.

ფხენიანი დაუფარავად აცხადებს, რომ მას არა მარტო გააჩნია ბირთვული ბომბები, არამედ ამჟამად ამ ბომბების დამატებით რაოდენობას აწარმოებს. ირანს გააჩნია ურანის გამდიდრების პროგრამა, რომელიც აშშ-ის მთავრობის აზრით შეიძლება გამოყენებულ იქნას ბირთვული ბომბების შესაქმნელად. თუმც თეირანი ამტკიცებს, რომ იგი პროგრამას მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოიყენებს.

სამხრეთ კორეა, აშშ-ი, ჩინეთი, იაპონია და რუსეთი აი უკვე ოთხი წელია ცდილობენ დაარწმუნონ ფხენიანი იმაში, რომ ეკონომიკური და დიპლომატიური დახმარების სანაცვლოდ შეწყვიტოს მისი ბირთვული პროგრამები. ფხენიანი კი აცხადებს, რომ იგი არ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს, სანამ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას არ მოუხსნის სანქციებს. ეს სანქციები აშშ-ის მიერ შემოღებული იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ ფულის გათეთრებისა და ყალბი ფულადი ერთეულების გამოშვების საფუძველზე.

კოფი ანანს მიაჩნია, რომ ფულის გაყალბებისა და სხვა პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი შეიქმნება მას შემდეგ, რაც მოგვარდება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხი.

“თუ პრიორიტეტების კუთხით შევხედავთ ამ საკითხს ბირთვული პროგრამა ყველაზე მნიშვნელოვანია და მას ცალკე კატეგორია უნდა მიენიჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სხვა საკითხებთან შედარებით”-თქვა ბატონმა ანანმა.

XS
SM
MD
LG