ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა ახალგაზრდებმა უცხოეთის ქვეყნების შესახებ არაფერი იციან


ხშირად მსმენია, რომ ამერიკელებს საერთო , სხვანაირად ზოგადი განათლება აკლიათ, როგორიცაა მსოფლიო გეოგრაფია, და ელემენტარული მათემატიკური ცოდნა.

ასეთი რამ მეც გამოვცადე საკუთარ თავზე, როცა ამერიკაში სასწავლებლად ჩამოსულმა ბევრ ჩემს თანაკურსელს ვერაფერი გავაგებინე ოკეანის გაღმა არსებული ჯორჯიის შესახებ. ბევრს, ჩემი ჯორჯია ამერიკის ერთერთი შტატი, და დედაქალაქ ატლანტის შემოგარენი ეგონა ამერიკის სამხრეთში.

აქედან გამომდინარე, სრულიად გაკვირვებულები სხვა პლანეტიდან ჩამოსულად აღმიქვამდნენ, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ამას ერთხელ ახლა უკვე ჩემი უსაზღვრო გაოცებაც დაემატა, როცა ერთერთმა ახლადგაცნობილმა ამერიკელმა თინეიჯერმა საუბარში სერიოზულად მკითხა -საქართველოში მაცივრები თუ გაქვთო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ფაქტია, რომ ამერიკელი ახალგაზრდები, და სხვათა შორის მოზარდებიც, გეოგრაფიაში მოიკოჭლებენ. ბევრი ამერიკელი საკუთარი ქვეყნიდან არც კი გასულა, და ესეც რომ არა, საზღვარგარეთის ქვეყნებს რუქაზეც კი ვერ აგნებენ.

ზუსტად ამიტომ, ამერიკელები უკვე ხშირად ჩივიან და დაწყებით თუ საშუალო სკოლებში ელემენტარული გეოგრაფიული განათლების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ.

ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში მდებარე ამერიკის ეროვნულ გეოგრაფიულ საზოგადოებაში განათლების ინსტიტუტებისა და ბიზნესის ლიდერების შეიკრიბნენ, რომელთა მიზანი იყო ბავშვებისთვის გამიზნული ახალი საზოგადოებრივი განათლების კამპანიის წარდგენა. ამ პროგრამით, სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს ქვეყნების შესახებ ზოგადი წარმოდგენა უნდა შეექმნათ.

ამ საგანმანათლებლო კამპანიის ერთერთი წევრი ორგანიზაციაა როპერის სოციოლოგიური სახელმწიფო ინსტიტუტი. ორგანიზაციის თანამშრომელი ჯენის ბელი ამ საკითხზე შემდეგს გვეუბნება: “ჩემი შეშფოთების მიზეზია ის ფაქტი, რომ ამერიკელი ბავშვები საკმაოდ მოუმზადებლები არიან მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანის მომავალი, განსაკუთრებით კი ამ გლობალურ, ურთიერთდამოკიდებულ საზოგადოებაში მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, ამერიკელი ბავშვების უმრავლესობას საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს მსოფლიოს ქვეყნების შესახებ.”

ერთერთი გამოკითხვისას 18-დან 24 წლამდე ასაკის 150თ ამერიკელ მოსწავლეს ელემენტარული კითხვები დაუსვეს გეოგრაფიისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ. გამოკითხვის შედეგებმა ბევრი გააოცა. ჯენის ბელი: “გამოკითხულთა უმრავლესობამ ვერ შესძლო სხვადასხვა ქვეყნის რუქაზე მოძებნა. მაგრამ ჩვენი აზრით, გაცილებით დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბავშვებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ თუ რა კავშირშია ესა თუ ის მიმდინარე მოვლენა ერთმანეთთან, ან რა გავლენა შეიძლება მოსფლიოში მიმდინარე ამბებს ჰქონდეს ამერიკაზე?” მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყში უკვე სამი წელია რაც იბრძვიან, ათიდან ექვს ამერიკელს არ ძალუძს ერაყი მონახოს რუქაზე. ათიდან ცხრას კი ავღანეთის აღმოჩენაც არ შეუძლია.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამერიკის ეროვნულ გეოგრაფიულმა საზოგადოებამ სპეციალური ინტერაქტიული ვებ გვერდი განავითარა, რომლის სახელწოდებაა mywonderfulworld. org, ჩემი არაჩვეულებრივი სამყარო.

ჩვენი მომდევნო სტუმარია ანა ვესელიაკი, ადამიანი რომელიც ამერიკის მშობელთა ეროვნულ ასოციაციას ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით: “ ბევშვებს საშუალება უნდა მივცეთ მსოფლიოს ქვეყნების კულტურებისა და ხალხების შესახებ შეიტყონ. ამერიკულ საზოგადოებაში მოგეხსენებათ უდიდესი მოთხოვნილება არსებობს იმისა, რომ ბავშვებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჰქონდეთ და გაუადვილდეთ უცხოელ ბავშვებთან კონთაქტი. ჩვენ, როგორც უფროსებმა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ, რა გზებით ეუფლებიან ჩვენი შვილები ამ ცოდნას.”

შეგახსენებთ ამ ახალი ვებ გვერდის მისამართს: mywonderfulworld.org. აქვე შეგიძლიათ სხვადასხვა საკლასო და ჯგუფური სავარჯიშოები გადმოტვირთოთ თქვენს კომპიუტერში ან ვირტუალური თამაშებით გაერთოთ თქვენ და თქვენი აღსაზრდელი. ამ ვებ გვერდმა, ავტორების აზრით ბავშვები, განსაკუთრებით კი ამერიკელები, ელემენტარული გეოგრაფიული ცოდნით უნდა უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG