ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გელა ბაბლუანის ფილმის პრემიერა თბილისში


მას შემდეგ რაც გელა ბაბლუანის ფილმმა “ცამეტი”, თითქმის ყველა ევროპული კინო ეკრანი მოიარა, მას თბილისშიც წარმოადგენენ. გუშინ კინოთეატრ ამირანში ბაბლუანის ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმი ევროპაში და ამერიკაში იმ პრესტიჟული პრიზების გამო გახდა პოპულარული, რომელიც მან უკანასკნელ თვეებში მოიპოვა. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე “მომავლის ოქროს ლომი” და ამერიკაში, დამოუკიდებელი ფილმების, “სანდენსის” ფესტივალზე გრანპრი საუკეთესო უცხოური ნამუშევრისათვის. რასაკვირველია, ფილმის ქართულ ეკრანებზე გამოსვლას, თბილისში თავად გელა ბაბლუანის ვიზიტიც ახლდა თან. ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ბაბლუანი ამ კვირის ყველაზე საინტერესო და პოპულარული სახე გახდა. ამას კიდევ იმან შეუწყო ხელი, რომ მის ჩამოსვლამდე, რამდენიმე ხნით ადრე დაირხა ხმა, რომ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ამერიკაში ყოფნისას მსახიობ ბრედ პიტს შეხვდა და მათ სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. ქართველი ჟურნალისტებისთვის ბუნებრივია ეს უკანასკნელი ყველაზე საინტერესო და აქტუალურ კითხვად იქცა. “მოგვიყევით ბრედ პიტის შესახებ”. არც თუ ისე ენაწყლიანმა ბაბლუანმა, დაინტერესებული ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა მხოლოდ მინიმალურად, მოკლე და ლაკონური პასუხით დააკმაყოფილა _ “დიახ გავიცანი და შევხვდი!”. მაგრამ, რასაკვირველია არსებობს აუდიტორია, რომელსაც უფრო მეტად თავად ბაბლუანის, უკვე გახმაურებულმა ფილმმა დააინტერესა. ასე ახასიათებს საკუთარ ნამუშევარს რეჟისორი. გელა ბაბლუანი _ ფილმის სცენარი დაიწერა 2000-2001 წლებში, ვიდრე დასრულდა ყველა სამუშაო, საბოლოო სახე შარშან მაისის თვეში მიიღო. ფილმის სიუჟეტი ამგვარია _ ეს არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გაჭირვების გამო უცნაურ ამბავში გაყოფს თავს. ფილმი შეიძლება ითქვას, რომ არის ბედისწერაზე, ადამიანურ არსებობაზე, დაუნდობელ სამყაროზე, სადაც არსებობს სიყვარულიც, აგრესიაც და სიკვდილიც. ყველაფერი ეს კი არსებობისათვის აუცილებელი ხდება. ყველაზე საინტერესო ფილმში ის არის, რომ რეჟისორის მიერ დანახული და წარმოდგენილი სამყარო არ არის გადმოცემული სწორხაზოვნად, ის არ იძლევა სწორ რეცეპტს ცხოვრებისათვის, ის მხოლოდ ეძებს გამოსავალს. ვინაიდან ფილმის შესახებ ქართული მედიის საშუალებით ბევრი ითქვა, საინტერესოა ახლაგაზრდა, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორის მოსაზრება ქართულ კინოსთან დაკავშირებით. გელა ბაბლუანი _ გუშინ ვკითხულობდი გაზეთში, რომ თითქოს ქართული ხელოვნება კრიზისშია. არ ვფიქრობ ასე, ვინაიდან თუკი ოდესმე რამე გვქონდა, ეს იყო ხელოვნება. განვითარების მხრივ ვხედავ, რომ კინოში არსებობს პოტენციალი და ვფიქრობ _ თუკი კანონმდებლობა იქნება შექმნილი, კინო კანონებს ვგულისხმობ, რომელიც შეესაბამება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, მაშინ ქართულ კინოს ძალიან დიდი მომავალი ექნება. მაშინ როდესაც არსებობდა, ევროპული, აზიური, ამერიკული კინო, ქართული კინო იყო საბჭოთა კინოსგან განცალკევებული, ასე რომ მსოფლიოში მას იცნობენ. დღეს თუ მოხერხება დაბრუნება მსოფლიო ასპარეზზე, მაყურებელი მას მიიღებს, ვიანიდან ინტერესი ჩვენი კინოს მიმართ ჯერ კიდევ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ გელა ბაბლუანი და კიდევ რამდენიმე კარგი ქართველი კინორეჟისორის მეშვეობით, თანამედროვე კინო სამყარო კიდევ ერთხელ გაიგებს ქართული კინოს არსებობის შესახებ.

XS
SM
MD
LG