ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ტრადიცია - პატარძლის დასაჩუქრება


ქეთი გაბუნია

პატარძლის დასაჩუქრების ტრადიცია ამერიკაში ჰოლანდიიდან შემოვიდა. ლეგენდის მიხედვით ერთ ახალგაზრდა ქალს ღარიბი მეწისქვილე შეუყვარდა. ეს მეწისქვილე მეტად კეთილშობილი ადამიანი ყოფილა. მიუხედავად მისი სიდუხჭირისა იგი არაფერს იშურებდა თავისი ხელმოკლე, გაჭირვებული მეზობლებისათვის და ყველას დახმარებას უწევდა. როდესაც მეწისქვილემ და ახალგაზრდა ქალმა შეუღლება გადაწყვიტეს, ქალის მამამ სასტიკად აუკრძალა შვილს ღარიბ მეწისქვილეზე გათხოვება და დაემუქრა, რომ თუ იგი მამის ნებას არ დაჰყვებოდა და მეწისქვილეს გაჰყვებოდა ცოლად ვერ მიიღებდა მამისაგან პატარძლისათვის განკუთვნილ მზითვს. მიუხედავად ამისა ქალი არ შეუშინდა სიღარიბეში ცხოვრებას და მაინც გაჰყვა თავის ღარიბ რჩეულს. მამამ კი დანაპირები შეასრულა და ახლადშეუღლებული ცოლ-ქმარი მზითვის გარეშე დარჩა. როცა ამის შესახებ გაიგეს მეწისქვილეს მეზობლებმა, რომლებიც დღე და ღამ მის ლოცვაში იყვნენ მათდამი გაწეული სიკეთისათვის, მივიდნენ მეწისქვილეს ოჯახში და საჩუქრებით აავსეს პატარძალი - ყველაფერი რაც კი საჭირო იყო ახალი სახლის მოსაწყობად. სწორედ ამ ლეგენდიდან იღებს სათავეს ამერიკაში პატარძლის დასაჩუქრების ტრადიცია.

პატარძლის დასაჩუქრების ცერემონია, როგორც წესი ქორწილამდე ორი სამი კვირით ადრე პატარძლის რომელიმე ახლობლის სახლში იმართება. მის მოწყობაში პატარძალი არანაირ მონაწილეობას არ იღებს, უფრო მეტიც, ხშირად ეს საღამო სიურპრიზის სახით ეწყობა. ჩვეულებრივ პატარძლის დასაჩუქრების ცერემონიას პატარძლის მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები ან მეჯვარეები აწყობენ. ამ დღეს ცერემონიაში მხოლოდ ქალები იღებენ მონაწილეობას. ეს რიტუალი შეიძლება მოეწყოს როგორც ვიწრო წრეში, მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, ისევე დიდი საზეიმო ცერემონიის სახით. პატარძლის დასაჩუქრების რიტუალი სხვადსხვანაირად შეიძლება მოეწყოს. იმისდა მიხედვით თუ როგორ განწყობასა და ატმოსფეროს შექმნიან ცერემონიის ორგანიზატორები მისი გაფორმებისას. მაგალითად არსებობს პატარძლის დასაჩუქრების რიტუალი, რომელიც რომანტიულად არის გაფორმებული და შესაბამისად პატარძლისათვის სპეციალურად შეეკვეთილი ტორტიც პატარა ვარდებითა და გულებით არის მორთული. სხვა შემთხვევაში ხშირად ეწყობა საკმაოდ ხმაურიანი, თუ შეიძლება ასე ითქვას ღრეობა, რომელსაც სიმბოლურად თავისუფალ ცხოვრებასთან გამოთხოვების თავშეყრას უწოდებენ და თავისთავად საპატარძლო ტორტიც შესაბამისად არის გაფორმებული. ზოგჯერ ეს წვეულება საკმაოდ უჩვეულო და მახინჯ ფორმასაც კი იღებს. პატარძლის მეგობრებს სტრიპტიზ კლუბებიდან წვეულებაზე პროფესიონალი მამაკაცი მოცეკვავეები მოჰყავთ , რომლებიც შესაბამისი გასამრსჯელოს მიღების შემდეგ სტრიპტიზ შოუს აწყობენ.

საჭმელსა და სუფრას რაც შეეხება, ამ დღეს ყველა ქალს თავისი უსაყვარლესი კერძი მოაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რიუტუალის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები, რაც საღამოს მხიარულსა და უფრო აზარტულს ხდის.

მაგალითად პატარძლის ოჯახის წევრებს ურიგებენ ფურცლებს, სადაც ერთადერთი ასეთი დაუმთავრებელი ფრაზა წერია “ქრწინება არის და მრავალწერტილი. ყველამ უნდა გამოთკვას თავის აზრი ქორწინების შესახებ. დალუქულ პასუხებს კი პატარძალს გადასცემენ , რომელმაც დამსწრეთა წინაშე უნდა გახსნას კონვერტები და ხმამაღლა წაიკითხოს პასუხები ყველას გასაგონად. ხშირ შემთხვევაში პასუხები საკმაოდ მოულოდნელი და სასაცილოა.

და ბოლოს, ეს წვეულება გვირგვინდება პატარძლის დასაჩუქრების ცერემონიით, რაც წვეულების ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ მომენტად ითვლება. პატარძლის საჩუქარი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ რაც ახლადდაქორწინებულებს გამოადგებათ. ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქრია სექსუალური კონოტაციის მქონე საცვლები. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საჩუქრების გახსნა და მათი დემონსტრირება სტუმრების თანდაწრებით ხდება.

XS
SM
MD
LG