ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია!


თბილისში მესამე დღეა ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რუიტელი იმყოფება. სხვათაშორის, თბილისში მან 78-ე დაბადების დღე აღნიშნა. დღეს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე, საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და არნოლდ რუიტელმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ისევე არ შეუშინდება ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძნელეებს, როგორც თავის დროზე ესტონეთს არ შეშინებია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მრჩევლის ადგილს ეკონომიკის დარგში უახლოეს ხანში ესტონელი ეკონომისტი დაიკავებს, რომელსაც ესტონეთის ეკონომიკაში სასწაული მოუხდენია. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის გზა ადვილი არ არის. - ესტონეთს ამ თვალსაზრისით დიდი გამოცდილება აქვს და იგი მზადაა ეს გამოცდილება თბილისს გაუზიაროს, -განაცხადა ბრიფინგზე არნოლდ რუიტელმა.

თბილისში ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად ჩამოვიდნენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის მინისტრები და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით 18-კაციანი ბიზნეს-დელეგაცია. ესტონეთის პრეზიდენტის მნიშვნელოვანი ვიზიტის შესახებ ჩვენს გადაცემაში დღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე საუბრობს: ,,- ესტონეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ორი პატარა ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობა არ არის. ეს არის საქართველოს ურთიერთობა ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან, ანუ ესტონეთი არის იმ ორი ინსტიტუტის წევრი, რომელთანაც ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს. - ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების პროცესში მხარს დაგვიჭერენ.’’

XS
SM
MD
LG