ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ნომინაცია: არაერთგვაროვანი რეაქცია


ზაქარია კიკნაძე

პრეზიდენტ ბუშის მიერ, გენერალ ჰეიდენის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე დასახელებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ ჰეკსტრამ გენერლის კანდიდატურით უკმაყოფილება გამოთქვა:“იგი ამ პოსტისათვის შეუფერებელი ადამიანია.” თქვა კონგრესმენმა.

ამ კრიტიკის მიუხედავად პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ გენერალს დაზვერვაში მოღვაწეობის 20-ც წლიანი სტაჟი უმაგრებს ზურგს. ჰეიდენი სამხედროა და სწორედ ეს გახდა ხელისუფლებაში მყოფი ორივე პარტიის წევრების მიერ გამოხატული კრიტიკის საბაბი. “თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურებს შორის ძალა-უფლებისათვის ბრძოლა მიმდინარეობს. მე ვერ წარმომიდგენია თუ როგორ გაუძღვება ოთხვარსკვლავიანი გენერალი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს” თქვა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ. კანონმდებლები შიშობენ, რომ გენერალ ჰეიდენის პოსტზე დანიშნვა, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე, სამხედრო უწყების გავლენას გამოიწვევს. აი რას ამბობს ექსპერტი დაზვერვის დარგში ჯეიმს ბემფორდი: “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეიქმნა, როგორც დამოუკიდებელი, ანალიტიკური სადაზვერვო ორგანიზაცია და იგი ასეთად ვერ დარჩება თუ მას სათავეში პენტაგონის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანი ჩაუდგება.”

თავის მხრივ, გენერალმა ჰეიდენმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თავკაცობა, ეროვნული უშიშროებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტია. გენერლის სახელი ანტიტერორისტულ, საიდუმლო მიყურადების პროგრამასთან ასოცირდება. მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ პროგრამის არსებობა ამერიკელების უფლებებს არღვევს. “ამ პროგრამას 2001-რთი წლის 11-ტ სექტემბრამდე რომ ეარსება, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩვენ ტერაქტის თავიდან აცილებას შევძლებდით” პასუხობს მათ გენერალი.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს ჯონ ნიგროპონტეს ემორჩილება, რომელიც თვლის, რომ პრეზიდენტი ბუში ჰეიდენის მეშვეობით, პირველ რიგში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ცდილობს. მისი მეორე მიზანი კი სამმართველოს მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა. გენერლის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. გავლენიანმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ჰეიდენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

“გენერალი ჰეიდენი ძალზე მაღალკვალიფიცირებული პიროვნებაა. იგი პრეზიდენტმა დაასახელა პოსტზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მისი კანდიდატურის მხარდაჭერას შევძლებთ-” თქვა მან. ჰეიდენის წარდგენა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პორტერ გასის მოულოდნელ გადადგომას მოჰყვა.

XS
SM
MD
LG