ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები, ტერორისტების მიერ ინტერნეტის ხმარების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვენ


მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის სხდომები ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ტერორისტების მიერ ინტერნეტის ხმარების საკითხის განხილვა ღიად მოხდა.

ამ მოსმენისას ტერორიზმის სპეციალისტებმა, ალ-ყაიდასა და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდისათვის ინტერნეტის გამოყენების ფაქტების მცოდნეებიც კი განაცვიფრეს.

“ინტერნეტი წინათ განათლების მიღებისა და განმანათლებლობის გავრცელების უბადლო წყაროდ აღიქმებოდა. ახლა კი მას რადიკალ ჯიჰადისტთა ათობით ტერორისტული ჯგუფი, კონსპირაციის თეორიების გავრცელების მიზნებისათვის იყენებს.” თქვა კორპორაცია რენდის ექსპერტმა ტერორიზმთან ბრძოლის დარგში ბრუს ჰოფმანმა.

ჰოფმანის თქმით ტერორისტულ ორგანიზაციებს ინტერნეტში 5000-სამდე ვებსაიტი აქვთ განთავსებული. ათზე მეტი ჯგუფი ვებგვერდებზე მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალის განთავსებას ახერხებს. ხოლო მათ ნახევარს ერაყში მოქმედი ტერორისტული ჯგუფები წარმოადგენენ.

კომისიის წევრებს ზემოხსენებული ვებსაიტების ნაწილის დემონსტრირება მოუწყეს. დემონსტრირებისას თავდაცვის მდივნის მოადგილე პიტერ როდმანი ხსნიდა თუ როგორ ახერხებენ ტერორისტები ინტერნეტის საშუალებით გლობალურ აუდიენციაზე გასვლასა და ეხსტრემიზმისა და ტერორიზმის პროპაგანდას.

“თვითოეულ მასალას ინტერნეტში ისინი მრავალ ენაზე ანთავსებენ, ინდონეზიურითა და თურქულით დაწყებული და რუსულით დამთავრებული.” ციტატის დასასრული.

თვითოეულ ენაზე ნათარგმნი ვიდეო ინფორმაცია კონკრეტული ქვეყნის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. ასე მაგალითად თურქულად განთავსებული მასალა ძირითადად ტერორისტთა რიგებში მიზიდვაზეა გათვლილი. რუსულ ენაზე ნათარგმნი კი ძირითადად ჩეჩნეთისთვისაა განკუთვნილი და კამიკაძე ტერორისტთა თავგანწირვის პროპაგანდას ეწევა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა ანა იშუმ აღნიშნა, რომ მოსმენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სადღეისოდ ტერორისტები ფსიქოლოგიურ ომსაც აწარმოებენ.

“მათ ძალზე დახვეწეს მეთოდები. ისინი ტერორისტთა რიგებში არა მარტო ვებგვერდების დაფინანსებას და მთელი მსოფლიოდან ახალი კომპიუტერული სპეციალისტების მიზიდვას, არამედ ინტერნეტ მომხმარებელთა ყოველი ცალკეული ჯგუფისათვის სპეციფიკური ინფორმაციის მიწოდებასაც ახერხებენ”. დაამატა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა.

კორპორაცია რენდის ექსპერტმა ტერორიზმთან ბრძოლის დარგში ბრიუს ჰოფმანმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი მოწინააღმდეგესთან კიბერსივრცეში ბრძოლის ისეთივე სიმაღლეზე აყვანაა, როგორც ეს ნამდვილ ბრძოლის ველზე ხდება.

მისი თქმით, აუცილებელია შეერთებული შტატებიდან გამავალი ინფორმაციის მაკოორდინირებელი სახელისუფლებო ორგანიზაციის შექმნა.

ისეთი ტიპის ორგანიზაციის შექმნა, როგორიც მაგალითად ცივი ომის პერიოდში არსებული შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო იყო.

დაზვერვის საბჭოს თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა პიტერ ჰეკსტრამ და დემოკრატმა ჯეინ ჰერმანმა აღნიშნეს, რომ ამერიკელებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ საინფორმაციო ომის მიმდინარეობა და ქვეყნის ხელისუფლებამ კი ტერორისტების პროპაგანდას ალტერნატიული ხედვა უნდა დაუპირისპიროს.

“ტერორთან ომი, მუსლიმთა სულისა და გონებისათვის ბრძოლაცაა. ალ-ყაიდა და რადიკალი ისლამისტები მათ მხოლოდ ერთი სახის ხედვას სთავაზობენ, ამერიკას კი მრავალი განსხვავებული ხედვის შეთავაზება ძალუძს.” აღნიშნა ჯეინ ჰერმანმა.

კანონმდებლები ამ საკითხთან დაკავშირებით განმეორებითი სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამერიკის ხმა.

XS
SM
MD
LG