საქართველოში უახლეს ხანში კერძო სტრუქტურებში დასაქმებულ და დამქირავებლების ურთიერთობებს ახალი შრომის კოდექსი დაარეგულირებს. კანონპროექტის პრეზენტაცია 7 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოეწყო. მას შემდეგ ამ საკითხზე ვნებები არ ცხრება. გაერთიანებულმა პროფკავშირებმა კანონპროექტი ხალხმრავალი აქციით გააპროტესტეს.
უამრავ ხარვეზებს მასში ქართული ოპოზიცია ხედავს. ჩვენ გადაცემაში შრომის ახალ კოდექსზე “განათლების ეროვნული კავშირის” თანათავმჯდომარე დავით არაბიძე საუბრობს და ამბობს, რომ შრომის ახალი კოდექსი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
დ. არაბიძე : - “რაში ეწინააღმდეგება ახალი კოდექსი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს?! არსებობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და არსებობს ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა. თავის არსში, ფუნდამენტში ეს კანონპროექტი ორივე მათგანს ეწინააღმდეგება.
თუ კი ჩვენ ორიენტირებული ვართ ევროკავშირში შესვლისაკენ, მაშინ ჩვენი კანონმდებლობა ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროპულ სამართალთან. - ჩვენი უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა – საქართველომ ახლო და მჭიდრო ურთიერთობა უნდა დაამყაროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ამ ორგანიზაციის მორიგ სესიაზე განხილული უნდა იქნას მოხსენება თემაზე – საქართველოში შრომის ბაზრის, დასაქმების, ხელფასის, სოციალური შრომითი უფლებებისა და ნორმატიული აქტების, მშრომელთა და უმუშევართა მდგომარეობა. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას ქვეყანაში შემუშავდეს ადამიანის სოციალური ურთიერთობების ეფექტური სტრატეგია. და არა მხოლოდ შემუშავდეს, არამედ განხორციელდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში”.