ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ნატო-სთან ინტენსიური დიალოგის ეტაპზე გადადის!


თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პიერ ლელუშის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო დელეგაცია ჩამოვიდა. თბილისში ჩამოსვლისას პიერ ლელუშმა განაცხადა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერს, რაც, მისივე თქმით ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 5 დღეს გაგრძელდება, დელეგაციის წევრები რუსეთის სამხედრო ბაზის დათვალიერებას გეგმავენ, რომელიც გასვლის რეჟიმში იმყოფება და რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების ოფიციალურ ნებართვას ელიან. პიერ ლელუშის თქმით, დელეგაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მოინახულებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა. დღეს “ ამერიკის ხმის” სტუმარია ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი – თორნიკე შარაშენიძე , რომელიც “ამერიკის ხმის” კითხვაზე, თუ რით არის განპირობებული ნატო-ს ექსპერტების ბოლო დროს ესოდენ ხშირი ვიზიტები საქართველოში პასუხობს, რომ ვინაიდან საქართველომ IPAP-ი დაასრულა, რომელმაც დადებითი შეფასება მიიღო, ქვეყანა ნატო-სთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. ეს იქნება ინტენსიური დიალოგი. ახალი ეტაპი ვითარების ახლოს გაცნობას, კონსულტაციებს გულისხმობს, ვიზიტებიც სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული. კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ ნატო-ს ექსპერტები დემოკრატიზაციის პროცესს საქართველოში, თ.შარაშენიძე პასუხობს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა, ადგილობრივი არჩევნები იქნება. თ.შარაშენიძე : “ახლახანს სოფიაში გამართულ ნატო-ს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე ძალიან მაღალი შეფასება მიიიღო უკრაინამ, სადაც სამაგალითო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.მინდა გავიმეორო, რომ ნატო-ში შესვლისთვის მხოლოდ შეიარაღებული ძალების რეფორმირება საკმარისი არ არის. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებაა”.

XS
SM
MD
LG