გრძელდება აზერბაიჯანის ლიდერის ილჰამ ალიევის ვიზიტი აშშ-ში.ბატონი ალიევის ვიზიტის პირველსავე დღეს მან სიტყვით მიმართა კერძო ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრებს. მის სიტყვაში აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს რაიმე სამხედრო აქციაში მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ:“ ჩვენს ურთიერთობაში აშშ-თან ჩვენ ურთიერთ ნდობით ვსარგებლობთ, უფრო მეტიც, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას აშშ-თან სამხედრო დარგში, რადგანაც ამას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ორივე სახელმწიფოსათვის. ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ავღნიშნო, რომ აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს რაიმე სახის სამხედრო ოპერაციებში ჩაბმას ირანის წინააღმდეგ. ამის თაობაზე აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა და პირადად მე წარსულში არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება.”
ბატონმა ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემა დიპლომატიური გზებით იქნება მოგვარებული და დაამატა, რომ ამ პრობლემის მოგვარება უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეგიონალური უშიშროებისათვის. ჩვენთან საუბარში ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ანჯელა სტენტმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა ბატონი ალიევის პოზიციის ირგვლივ: “ მოგეხსენებათ აზერბაიჯანი ირანის მეზობელია და იგი აშშ-ის პარტნიორია სამხედრო დარგში. ბატონი ალიევი ხაზგასმით აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს რაიმე ამერიკულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას, მაგრამ ჩემის აზრით ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებაში მას მაინც მოუწევს ამ საკითხის უფრო დაწვრილებით განხილვა”. როგორც ქალბატონმა სტენტმა გვითხრა წარსულში ვაშინგტონი აკრიტიკებდა აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამო, მაგრამ ახლა ირანის გარშემო შექმნილი კრიზისის გამო ვაშინგტონი აშკარად ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ პრობლემას.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებულმა ადამ ერელიმ თქვა აზერბაიჯანთან მიმართებაში აშშ-ის მთავრობა მთელი რიგი საკითხების ბალანსირებას ცდილობს:“ჩვენს ურთიერთობაში აზერბაიჯანთან მთელი რიგი საკითხებისა იქცევს ჩვენს ყურადღებას. მაგალითად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი, დემოკრატიული განვითარება, ენერგო მატარებლების უშიშროება, სტაბილობა რეგიონში და ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდე”.
საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ბატონი ალიევი მთიანი ყარაბახის პრობლემასაც შეეხო. როგორც მან თქვა იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ი როგორც ზემძლავრი სახელმწიფო თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ კონფლიქტის მოგვარებაში. აზერბაიჯანის ლიდერი კიდევ რამოდენიმე დღეს დაჰყოფს ვაშინგტონში. იგი შეხვდება კონგრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს. ხვალ იგი შეხვედრებს იქონიებს პენტაგონსა და თეთრ სახლში.