ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღდგომა ახალ საქართველოში


ჯერ კიდევ, დაახლოებით 20 წლის წინ საქართველოში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა რისკთან იყო დაკავშირებული. კომუნისტურ ეპოქაში ამ დღეს სატელევიზიო გადაცემები შეუდარებელი მრვალაფეროვნებით გამოირჩეოდა, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ისეთი ფილმების ნახვა იყო შესაძლებელი, რომელსაც მაყურებელი წლიდან წლამდე ელოდა. მაშინ ეკლესიასთან, ეგრედ წოდებული “კაგებეშნიკი” იდგა და ყველას გვარებს იწერდა, ვინც ბრწყინვალე დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლას გაბედავდა. დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი, რომელიც 26 წელიწადია ქაშუეთის ეკლესიაში მსახურობს, იხსენებს:

დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი – “განსაკუთრებული დავალება ქონდათ კომკავშირლებს, რომელთაც დაწინაურება უნდოდათ, ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ. მაგრამ მათ შორის მართლმადიდებლებიც იყვნენ, რომელნიც სანთელსაც ანთებდნენ და ლოცულობდნენ კიდეც”.

ზოგი მათ შორის მართლმადიდებელიც იყო, მაგრამ დიდი კომუნისტური პარტიისათვის მსახურებას მაინც არ ივიწყებდნენ. ამიტომ, საკუთარ წიგნაკში ჩაწერილი გვარები მხოლოდ მათ დავთარზე არ რჩებოდა, ის დანიშნულების ადგილამდე აღწევდა. ამ წიგნაკში მოხვედრილებს კი მომავალში აუცილებლად ექმნებოდათ მრავალი სახის პრობლემა, რომელთა შორის ყველაზე ხშირი სამსახურიდან დათხოვა იყო. ამიტომ, კომუნისტების ეპოქაში, მაშინ როდესაც კომუნისტური წყობა ათეისტური სამყაროს შექმნაზე ოცნებობდა, დაფარული, კარგად შენახული რწმენა, არა ნაკლებ ძლიერი და ღრმა იყო, ვიდრე ეს დღეს არის. დღეს მორწმუნეობა, ეკლესიურობა ერთგვარად მოდურიც კი გახდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სწორედ ეკლესიურად ცხოვრობს, მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით ახალგაზრდა თაობა გამოირჩევა. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ღვთის რწმენა, მხოლოდ ეკლესიაში ყოველკვირეულ ლოცვებზე დასწრებით იფარგლება. მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობა დღეს შორის წაგვიყვანს. ფაქტი ერთია, დღეს მორწმუნეობა, ეკლესიურობა ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენს და თუკი რომელიმე პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი ეკლესიურობაში ფიქსირდება ეს ქართული მოსახლეობაზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად მოქმედებს. ამიტომ ეს ძალიან კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმაც და თუკი მისი წინამორბედი აღდგომის ღამეს საქართველოს პატრიარქთან ატარებდა, სააკაშვილი სამების ტაძრის შემდეგ პერიფერიებში ახლად აგებულ ეკელსიებში მიდის, მორწმუნე მოსახლეობას პირისპირ ხვდება და საკუთარ წარმატებებზეც საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი – “მე ამ უბნის დეპუტატი ვიყავი და აქ საშინელი სიბნელე იყო, ახლა ჩვენი და გიგი უგულავას თაოსნობით, ჩემი გული განათებულია, როდესაც ამ გადანათებულ ქუჩებს ხედავს”.

ასე ხარობს საქართველოს პრეზიდენტი აღგომის ღამეს, რომელიც მომავალი არჩევნებისათვის მისთვის კიდევ ერთი და საკმაოდ დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატების მისაღწევად.

კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტიური ხდება. საქართველოს შეძლებეული ფენა, მათ შორის ყველაზე დიდი ნაწილი ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, აღდგომის კვირას იერუსალიმში ატარებენ და იქიდან წმინდა ცეცხლი სამშობლოში მოაქვთ. ამისათვის წელს საქართველოდან 5 ჩარტერული რეისი გაფრინდა. ისინი იორდანეს მდინარეშიც ინათლებიან ხელმეორედ, როგორც თავად აცხადებენ, მთლიანად იწმინდებიან, შემდეგ იმ გზას გადიან, რომელიც იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა და ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოში წმინდა ცეცხლით ხელში ბრუნდებიან.

ერთი სიტყვით ყოველდღიურად მორწმუნეობის გამოხატვის ფორმები დრო და დრო იცვლება, და საგულისხმოა რომ იზრდება შესაძლებლობების მიხედვით, ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი მისი შესაძლებლობის ფარგლებში გამოხატავს ღვთისადმი რწმენას.

XS
SM
MD
LG