აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გადასცა მისი ყოველწლიური ანგარიში, აშშ-ის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის გავრცელების საქმეში. მის მეორე საინაუგურაციო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული მოძრაობებისადმი მაქსიმალურად ხელის შეწყობა. აქედან გამომდინარე 2005-ი წელს დამტკიცებულ ბიუჯეტში თითქმის მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარი გამოიყო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის პროგრამებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლა დობრიანსკიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა : “ ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორებთან ვიღვაწოთ რათა საბოლოო ანგარიშში უკეთესობისკენ შეიცვალოს მათი მომავალი. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო ავღანეთი და ერაყი, სადაც ჩვენ დიდი დახმარება გაუწიეთ ქალებს, რომლებიც პარლამენტის წევრები გახდნენ და მინისტრის პოსტები დაიკავეს. მათი მხარდაჭერა კრიტიკული მნიშვნელობისაა ამ ქვეყნების მომავლისათვის”.
ამ პროცესში აშშ-ი სხვა სახელმწიფოების მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვასაც ცდილობს. “ჩვენ საერთაშორისო მასშტაბებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიღწვით, რათა საფუძველი ჩაუყაროთ სამოქალაქო საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში და რათა ავამოქმედოთ გაეროს დემოკრატიის ფონდი. “ - თქვა ქალბატონმა დობრიანსკიმ.
დღესდღეობით ბუშის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს იმ 95-ტ სახელმწიფოზე, სადაც ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველაზე უხეში ფორმებია დაფიქსირებული. ადამიანის უფლებების ქომაგთა ორგანიზაციის“ჰუმან რაითს ვოჩის” დირექტორმა ტომ მალინოვსკიმ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ბუშის ადმინისტრაციას საკმაოდ უჭირს ტერორიზმთან გლობალური ომის წარმოება და ამავე დროს დემოკრატიის გავრცელება იმ ქვეყნებში, რომლებიც აშშ-ის მხარდამხარ იბრძვიან ამ ომში. მან კერძოდ თქვა:”ამის კარგი მაგალითია პაკისტანი, სადაც პრაქტიკულად არანაირ დემოკრატიულ ცვლილებებს არ ჰქონია ადგილი და რომელსაც სამხედრო დიქტატორი გენერალი მუშარაფი მართავს. მან დღემდე არ შეასრულა არც ერთი დაპირება ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენის თაობაზე. მიუხედავად ამისა ბუშის ადმინისტრაცია არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს მასზე ამ საკითხში, რადგან მუშარაფის დახმარებაზეა დამოკიდებული მისი ომი ტერორიზმის წინააღმდეგ”. მალინოვსკის მიაჩნია, რომ აშშ-ის ძალისხმევას ადამიანის უფლებების დამცველის როლში გამოვიდეს დიდი დარტყმა მიაყენა აბოღრაიბის ციხეში პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის სკანდალმა და აშშ-ის დამოკიდებულებამ ამ ომში აყვანილი ტყვეებისადმი. “ აშშ-ი მოუწოდებს მთელი მსოფლიოს ქვეყნებს დაიცვას ადამიანის უფლებები, უარი თქვას დაკავებულთა წამებასა და მათდამი სასტიკ მოპყრობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, ცოტა უცნაურად გამოიყურება ეს მოწოდება, როდესაც სახეზეა აბოღრაიბის სკანდალი და ის რომ ამისათვის პასუხისგებაში მხოლოდ რამოდენიმე მაღალი რანგის ჩინოსანი მისცეს”- თქვა მან.
ზოგს მიაჩნია, რომ დემოკრატიის აღმშენებლობის პროცესს საფრთხე შეექმნა ერაყში იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა ბიუჯეტის შემცირებას. თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ მიღწეულია განსაზღვრული წარმატებები ისეთ სახელმწიფოებში როგორებიცაა ერაყი და უკრაინა, სადაც აშშ-ის ძალისხმევით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იქნა მიღწეული.