თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუტ ოღლუს ვიზიტი თეირანში, რომელიც მიმდინარე კვირას შედგა ფაქტობრივად იმის დემონსტირებას წარმოადგენს, რომ თურქეთი მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ დაძაბულობის გაუნებელყოფაში, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეიქმნა. კვირას კატარში ვიზიტის დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა სერიოზული მოვალეობები იკისროს, რათა მოგვარდეს შექმნილი მდგომარეობა.
-„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ თურქეთს ირანის ურანის უცხოეთში გამდიდრების პროცესში შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. თუ თურქეთს მართლაც აირჩევენ ამ მიზნით, იგი მზადაა მართლაც პირნათლად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება“- განაცხადა ერდოგანმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ინიციატივით ირანმა თავისი ურანი უცხოეთში უნდა გადააგზავნოს გასამდიდრებლად, რომელიც თეირანს დაუბრუნდება მისი სამედიცინო საკვლევი რეაქტორისათვის. ჯერ-ჯერობით ეს საკითხი მოუგვარებელი რჩება, რადგანაც ირანი უარზეა ერთ დიდ პარტიად გაიგზავნოს მისი ურანი უცხოეთში გასამდიდრებლად. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა გასულ კვირას, როდესაც ირანმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მან უკვე დაიწყო ურანის 20%-მდე გამდიდრება. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოგანი ირანის პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაჭრას უჭერს მხარს და მწვავედ აკრიტიკებს ძალის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ. ამ სკითხზე ამერიკის ხმას ინტერვიუ მისცა სტამბულის ბილგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა სოლი ოზელმა.
-„ანკარა ძალზე შეშფოთებულია იმით, რომ ირანი ბირთვულ ენერგიას ანვითარებს, თუმც ამის პარალელურად იგი არ მალავს იმას, რომ წინააღმდეგია აშშ-ს თავდასხმისა ირანზე. ალბათ ეთანხმებით იმ აზრს, რომ თურქეთს სულაც არ სურს კიდევ ერთი ომი ჩვენს რეგიონში.“
აშშ-ს თაოსნობით დაწყებულმა ორმა ომმა ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკურად პრაქტიკულად გაანადგურა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული და ერაყს ესაზღვრება. ამან კი ნოყიერი ნიადაგი წარმოშვა იმისათვის, რომ მეამბოხე ქურთთა ორგანიზაციას, კერძოდ ქურთისტანის მშრომელთა პარტიას თავის რიგებში ჩაეთრია ახალგაზრდა ქურთები. ეს შეიარაღებული ორგანიზაცია უკვე 25 წელია თურქეთის მთავრობას ებრძვის. საგულისხმოა, რომ თეირანი დღეს თანამშრომლობს ანკარასთან, როგორც სადაზვერვო, ისე სამხედრო დონეზე მის ბრძოლაში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წინააღმდეგ.
ზოგიერთ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ისლამიც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ თურქეთს არ სურს კონფრონტაცია ირანთან. პრემიერ-მონისტრ ერდოანს საკმაოდ თბილი პირადი ურთიერთობები აქვს ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან. მან პირველმა მიულოცა აჰმადინეჟადს გასულ წელს არჩევნებში მიღწეული გამარჯვება. თურქეთსა და ირანს საკმაოდ კარგი ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ. ანკარამ მიმდიანრე თვეს ხუთწლიან ძვირადღირებულ გარიგებას მოაწერა ხელი ირანთან, რომელიც თურქეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის მოდერნიზებას ითვალისწინებს.
თურქ პოლიტიკურ მიმომხილველს მურეი მერთს მიაჩნია, რომ თურქეთ-ირანის ეკონომიკური კონტაქტების გაფართოვება სავარაუდოდ თან მოიტანს იმას, რომ თურქეთი სულ უფრო ნაკლებად მოინდომებს მონაწილეობის მიღებას ახალ საერთაშორისო სანქციებში თეირანის მიმართ.
-„ადრე ვფიქრობდი, რომ საბოლოო ანგარიშში თურქეთი დასავლეთის მხარეზე დადგებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ამ სანქციების დაწესება გარდაუვალი ფაქტი იქნებოდა და თურქეთი ამას ვერ აიცილებდა თავიდან. დღეს კი მიმაჩნია, რომ თურქეთი ცდილობს თავი შორს დაიჭიროს ამ სანქციებიდან. თურქეთმა უამრავ ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი ირანთან. ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესების მცდელობის ფონზე.“
თუ ანკარას და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მცდელობა მოაგვარონ ირანის კრიზისი ვერ გამოიღებს ნაყოფს, მაშინ თურქეთი რთული არჩევანის წინაშე დადგება - ევროპა და შეერთებული შტატები ან ირანი.