ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს თავდაცვის უწყება პრიორიტეტებს ასახელებს!


თბილისში დღეს 3-დღიანი საერთაშორისო ფორუმი – “ საქართველოს თავდაცვის კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული ნატო-სა და ნატო-ს წევრი-ქვეყნების დიპლომატები მონაწილეობენ. ფორუმზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნული უწყების სამი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა. ეს პრიორიტეტებია: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება; თავდაცვის სფეროში მენეჯმენტის ამაღლება და მესამე – ქართული ჯარის ეფექტურობის გაზრდა. კონფერენციის მონაწილეებმა სხვა საკითხებთან ერთად, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სფეროს განვითარების პროცესში საქართველოს როლზე იმსჯელეს. კონფერენციის შესახებ კომენტარი “ამერიკის ხმისთვის” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მამუკა კუდავამ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფერენციას ორი მიზანი აქვს: პირველი – საქართველომ წარადგინა ყოვლისმომცველი დოკუმენტი “ საქართველოს თავდაცვის მიმოხილვა”, რომელიც შეიარაღებული ძალების 3-4 წლიან პერსპექტივაში აღმშენებლობის საკითხებს ითვალისწინებს. და მეორე მიზანი – ნატოელ კოლეგებთან ერთად გაიარონ ყველა ის ვალდებულება, რომელიც IPAP-ის ფარგლებში საქართველოს ჰქონდა აღებული. ნატოს ექსპერტთა შეფასებით საქართველომ 2004 წელს აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შეასრულა. ამით ორი წლის ციკლი დაამთავრა და მზად არის თანამშრომლობის უფრო მაღალ ეტაპზე გადასასვლელად. სოხუმში არაერთგზის გაკეთებული განცხადების თანახმად, ქართულ ჯარს სოხუმზე თავდასხმისთვის ამზადებენ.რამდენად შეესაბამება ეს განცხადება სინამდვილეს? ,,ამერიკის ხმის’’ ამ კითხვაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შემდეგი პასუხი გასცა: ,,_ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები ვითარდება იმისათვის, რომ საქართველო იყოს უფრო სერიოზული ქვეყანა და უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას და პროვოკაციას, რაც შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ. სადმე ბაზა აშენდება ახალი, სენაკში იქნება ეს თუ სხვაგან, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ვინმეს წინააღმდეგ აკეთებს ამას. საქართველო ამას ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აკეთებს.’’

ელენე ბარათაშვილი.

02.05.06. თბილისი.

XS
SM
MD
LG