ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის მიწისძვრიდან ერთ წელი გავიდა


ერთი წლის წინათ, 12 იანვარს, 35 წამის განმავლობაში გრძელდებოდა ჰაიტიში საშინელი მიწისძვრა, რომელმაც 230 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასი ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა და ორ მილიონამდე კაცი უსახლკაროდ დარჩა.

ჰაიტის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ამ საშინელი კასტროფის შემდეგ. ჰაიტიმ დაკარგა სახელმწიფო სამსახურში მომუშავე პერსონალის 35%-ი და ყველა სამთავრობო შენობა ერთის გარდა.

ჰაიტიში შეერთებული შტატების ელჩის კენეტ მერტენის განცხადებით ამერიკა მზად არის დახმარება აღმოუჩინოს ამ ქვეყანას სტაბილური და წარმატებული საზოგადოების აშენებაში.

ჰაიტის სხვა საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად შეერთებულ შტატებსაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის აღორძინების საქმეში. ამერიკამ მილიარდ ორასი მილიონის დახმარება აღმოუჩინა ჰაიტის ჰუმანიტარულ სფეროში და 2010 წლის მარტში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული დაპირების შესაბამისად კიდევ მილიარდ ნახევარი დოლარის შემწეობას გაღებას აპირებს. ეს თანხები ჰაიტის ეკონომიკის აღორძინებას მოხმარდება.

ჰაიტის აღორძინების კომისიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან-მაქს ბელერივი და შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ხელმძღვანელობენ. ქვეყნის აღორძინების კომისიაში ჰაიტის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც შედიან.

ჰაიტის აღორძინება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. მობილური ტელეფონების საშუალებით ამერიკელებმა ჰაიტის დასახმარებლად 35 მილიონი დოლარი გადარიცხეს. ამავე პროცესში აქტიურად ჩაერთო ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ჰაიტის კერძო ბიზნესს საბანკო სექტორში მობილური ტელეფონების გამოყენებას ურჩევს.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 350 000 ჰაიტელი დაასაქმა სპეციალურ პროგრამებში, რამაც ჰაიტის ეკონომიკის რეაბილიტაციას შეუწყო ხელი. გარდა ამისა შეერთებული შტატები ჰაიტის სოფლის მეურნეობის განვითარებას აფინანსებს, რამაც 75%-ით გაზარდა მარცვლეულის მოსავალი. ამერიკა ჰაიტის მთავრობას სამშენებლო ნაგვის გატანაშიც ეხმარება. ჰაიტიში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით დღითიდღე შესამჩნევი ხდება ამ ქვეყნაში მიღწეული პროგრესი.

ამერიკელი დიპლომატის კენეტ მერტენის განცხადებით წინ დიდი და რთული გზაა გასავლელი, მაგრამ შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ხელი შეუწყოს სტაბილური ჰაიტის განვითარებას და დაეხმაროს ჰაიტელ ხალხს ნათელი მომავლის აშენებაში.

XS
SM
MD
LG