ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომოდედოვოს ტერაქტის კვალი ინგუშეთში მიდის


დომოდედოვოს ტერაქტის კვალი ინგუშეთში მიდის

უშიშროების სამსახურის წევრთა არაოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით, რუსული მედია იტყობინება, რომ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა 20 წლის ინგუშმა - მუჰამედ ევლოევმა ააფეთქა. შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა და 168 დაშავდა.

რუსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს ევლოევის მშობლიური სოფელი, საიდანაც იგი გასული წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მათი თქმით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ესაუბრნენ ევლოევის მშობლებს, სკოლის მასწავლებლებს, ადგილობრივ პენსიონრებს და წამოიღეს მისი დნმ-ის ნიმუშები. ალექსანდრე ბორტნიკოვის, უშიშროების ფედერალური სამსახურის მეთაურის, განცხადებით, ტერორისტულ აქტში მონაწილეობისთვის რამდენიმე ეჭვმიტანილია დაკავებული. თვითმკვლელი ტერორისტის გვამის ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ის აფეთქების დროს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

საქმეში ინგუშური კვალი სწორედ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინგუშეთში ტერორიზმმა მკვეთრად იკლო. თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებისა, გასულ კვირას პოლიციამ რეგიონულ ცენტრთან ახლოს საწარმო აღმოაჩინა, სადაც თვითნაკეთ ბომბებს ამზადებდნენ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კავკასიაში კრემლის საგანგებო წარმომადგენლის, ალექსანდრე ხლოპონინის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცების საშუალო ასაკი, რომლებიც ამბოხებულთა რიგებს უერთდებიან 18 წელია. 50 პროცენტიანი უმუშევრობის ფონზე, სკოლის დამთავრების შემდეგ ეს ახალგაზრდები საკმაოდ იოლად იღებენ ექსტერმისტულ შეხედულებებს.

ხლოპინინის განცხადებით, რეგიონში ამჟამად დაახლოებით 1000 მეამბოხეა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.

ხლოპინინის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, ჩრდილოეთ კავკასიის მის მიერ აღწერილ რეგიონში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პოლიციის ავტოკოლონას, მოკლეს სამი პოლიციელი და გაათავისუფლეს პატიმრები, რომლებიც ავტოკოლონას გადაჰყავდა. ასევე რამდენიმე საათში რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ამოუცნობი პირები კაფეში შეიჭრნენ, სადაც პოლიციელები სადილობდნენ და ოთხვე მათგანი მოკლეს.

ტამერლან აკიევი ინგუშეთის ადამიანთა უფლელბის დამცველი ორგანიზაციის პრეზიდენტია. მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ახალგაზრდების მეამბოხეთა რიგებში გაერთიანება ძალიან ადვილია.

„სამსახურის ან დაოჯახების პერსპექტივის გარეშე, ისინი ადვილად ხდებიან იმ მოწოდების მიმდევრები, რომლის თანახმადაც კავკასიაში შარიათის კანონებზე აგებული ემირატები უნდა დაარსდეს.“

გასულ კვირას ჩეჩნეთის მუფტიმ, იგივე სულიერმა ლიდერმა მუსლიმ ქალებს მოკრძალებული ტანისამოსის ჩაცმისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მოკრძალებული ნიშნავს იმას, რომ ქალს მხოლოდ სახისა და ხელის მტევნების გამოჩენა შეუძლია.

ამ სახის შეზღუდვებს ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვაც რომ ემატება, რუსეთის სლავურ-ქრისტიანულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ეგრეთ წოდებულ „მწვანე რესპუბლიკებს“ შორის კულტურული განსხვავება უფრო ღრმავდება.

იანვარში, დომოდედოვოს აეროპორტზე ტერორისტულ თავდასხმამდე სააგენტო ლევადამ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი ჩეჩენ მეამბოხეებს უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევს, ვიდრე ამერიკასა და ნატოს.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი დაეთანხმა რუსეთში ფართოდ გავრცელებულ გამონათქვამს „რუსეთი რუსებისთვის.“

ინგუშეთის ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარე რამზან უგურჩიევი აცხადებს, რომ ასეთი მიდგომით რუსები მხოლოდ ართულებენ საქმეს და კავკასიელების დემონიზაციას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, რუსი ნაციონალისტები წინა-საარჩევნო პერიოდში ერთნიკური დაპირისპირებების გაღრმავებას ცდილობენ.

უგურჩიევი ასევე ამბობს, რომ პოლიტიკოსები რუსეთში არსებულ ყველა პრობლემას კავკასიას უკავშირებენ. მაგრამ ის შიშობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება, შეიძლება რუსეთის ქრისტიანული ჩრდილოეთისა და მუსლიმანური სამხრეთის ერთმანეთთან დაკავშირება უკვე რთულ ამოცნაად იქცეს.

XS
SM
MD
LG