ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ქმედება დემოკრატ კანონმდებლებს აშფოთებს


ამერიკის სენატის წამყვანი დემოკრატები თეთრ სახლს მოუწოდებენ გასულ კვირას, პრეზიდენტის ტრამპის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის და რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკის შეხვედრის ჩანაწერი კონგრესის კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს გადასცენ. აღნიშნული დემოკრატებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ცნობები გავრცელდა, რომ შეხვედრის განმავლობაში პრეზიდენტმა რუს თანამდებობის პირებს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია გაანდო.

პრეზიდენტმა სამშაბათს სოციალურ ქსელ, „ტვირტერზე“ დაწერა, რომ მას აქვს „აბსოლუტური უფლება“ გაცვალოს სადაზვერვო ინფორმაცია, იქნება ეს ჰუმანიტარული მიზეზებით, თუ იმის მოწოდებით, რომ რუსეთმა „გააძლიეროს ბრძოლა“ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, სენატის სადაზვერვო კომიტეტის წევრი მარკ უორნერი პრეზიდენტის განცხადებამ ვერ დაარწმუნა.

„აქ რამდენიმე საკითხია, საკანონმდებლო და სტრატეგიული - ჩვენი მოკავშირეების და ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ნდობა“, - განაცხადა უორნერმა.

ტრამპის განცხადებამ სოციალურ ქსელში, თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ბუნდოვანება შეიტანა. მოსკოვმა აღნიშნულის თაობაზე განაცხადა, რომ მას არ მიუღია არანაირი სახის საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო ტრამპის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველმა მაკმასტერმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომელიც ტრამპმა რუს კოლეგებს მიაწოდა ღია წყაროებით არის ხელმისაწვდომი. გამომდინარე ფაქტების სიმწირიდან, ბევრი რესპუბლიკელი კანონმდებელი უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე, მათ შორის სენატორი ჯონ კორნინი.

„მე ფაქტები არ ვიცი. ასე რომ არ მსურს აზრის გამოთქმა მანამდე, ვიდრე არ მოხდება მათი დადგენა“, -განაცხადა მან.

კანონმდებელი ჩაკ შუმერი ამბობს, რომ გაუგებრობის დასასრულებლად თეთრმა სახლმა ფაქტები უნდა გამოქვეყნოს.

„მე მოვუწოდებ თეთრ სახლს, მიაწოდოს კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს რუსეთის საგარეო მინისტრთან და ელჩთან შეხვედრის სტენოგრამა რაც შეიძლება მალე. თუ პრეზიდენტს არაფერი აქვს დასამალი, მას შეუძლია იყოს პირდაპირი და გადასცეს კომიტეტს ჩანაწერი“, - ამბობს ჩაკ შუმერი, კონგრესის უმცირესობის ლიდერი.

მიუხედავადა იმისა, რომ შუმერის მოთხოვნას არ უერთდება, სენატორმა ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ თეთრმა სახლმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს.

„ჩვენ უნდა შევეცადოთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია და უნდა ვიცოდეთ თუ რომელი წყარო გასცა ტრამპმა, როდესაც მან რუს კოლეგებს ინფორმაცია გაანდო“, - განაცხადა მაკკეინმა.

ინფორმაციის გაცემით, ტრამპმა სადაზვერვო ინფორმაციის წყაროს გამოაშკარავება მოახდინა. ინფორმაცია იმდენად მნიშნელოვანი იყო (როგორც ამას ამერიკულ გამოცემებს უდასტურებენ), რომ ვაშინგტონს ის მისი მთავარი მოკავშირეებისთვისაც არ გაუნდია. პასუხად კითხვაზე, თუ რას წყვეტს ამ ინფორმაციის გაცემა, მაკკეინმა განაცხადა, რომ ამაზე დამოკიდებულია აშშ-ის თანამშრომლობა მის მოკავშირეებთან.

მაკკეინის მიერ შეშფოთების გამოთქმის მიუხედავად, დემოკრატები, მათ შორის სენატორი შელდონ უაითჰაუსი, საუბრობენ იმაზე, რომ კონგრესში რესპუბლიკელთა უმრავლესობა აღიშნულ საკითხზე დუმს. დემოკრატები რესპუბლიკელი ოპონენტების ქმედებას ადარებენ ჰილარი კლინტონის ელ-ფოსტის განხილვის პროცესს, რასაც იმ დროისათვის რესპუბლიკელი კანონმდებლების შეშფოთება მოჰყვა.

„ამ შემთხვევაში [რესპუბლიკელების რეაქცია] ცოტა არ იყოს განსხვავდება მათი რეაქციისგან, როდესაც კლინტონის ელ-ფოსტას შეეხებოდა საქმე. მაშინ, საქმე გვქონდა სრულიად უვნებელ ინფორმაციასთან. მაშინ ხალხის მოწოდება ისმოდა შინაარსით: - ‘დააკავეთ ის“. ახლა, როდესაც დონალდ ტრამპმა ნამდვილად საფრთხილო საიდუმლო ინფორმაცია გაანდო მაინცდამაინც რუსებს“, [რესპუბლიკელები] სხვანაირად ალაპარაკდნენ“, - განაცხადა უაითჰაუსმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერს მიჩ მაკკონელს, სამშაბათს დაგეგმილ ყოველდღიურ ბრიფინგზე არ უსაუბრია ტრამპის მიერ საიდუმლო ინფორმაციის რუსეთისთვის განდობის საკითხზე, მისი კომენტარები მხოლოდ ჯანდაცვის საკითხს შეეხებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG