ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაკარტის თავდასხმის უკან ისლამური სახელმწიფო დგას


ინდონეზიის დედაქალაქში მომხდარ სროლებზე და კოორდინირებულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დღეს დილით ჯაკარტაში მომხდარ ინციდენტში 7 ადამიანი, მათ შორის, 5 თავდამსხმელი დაიღუპა. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალება იტყობინება, რომ თავდამსხმელთა სამიზნე “უცხოური წარმოშობის ადამიანები და უსაფრთხოების ძალები იყვნენ, რომელთაც მათი დაცვა ევალება”.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრალურ, ერთ-ერთ ყველაზე უფრო დატვირთულ უბანში, სადაც სავაჭრო ცენტრი, მდიდრული სასტუმროები, საელჩოები, გაეროს წარმომადგენლობა და სხვადასხვა ბიზნესი მდებარეობს, 6 აფეთქების ხმა გაისმა. შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში ორმხრივი სროლები მიმდინარეობდა.

თამრინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდისას, 2 დიდი ზომის და 5 პატარა ბომბი იპოვეს, რომელთა აფეთქება ტერორისტებმა ვერ მოასწრეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ შეირჩა ჯაკარტა თავდასხმის მორიგ ობიექტად. ინდონეზიის უსაფრთხოების ცნობით, მათ დედაქალაქში დაგეგმილი კოორდინირებული იერიშის შესახებ რამდენიმე მუქარა გასული წლის მიწურულს მიიღეს.

XS
SM
MD
LG