ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სურთ ამერიკელებს 2016 წელს?


ფოტო Flickr-ის მომხმარებელი Global Panorama.
ფოტო Flickr-ის მომხმარებელი Global Panorama.

“ნერდვოლეტის” მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 49 პროცენტს დანაზოგის გაზრდა სურს, 44 პროცენტს კი მეტი ვარჯიში.

“ამ ორ სურვილს შორის კავშირი უდავოდ არის - ორივე სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება,” ამბობს კვლევის ორგანიზატორი სიკარ ჯასტი. “ორივე სიჯანსაღეს უკავშირდება, ერთი ფინანსურ სიჯანსაღეს,მეორე კი ფიზიკურს.”

1 იანვარი ამერიკაში, ისევე როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, დასვენების დღეა. ამ დღეს ადამიანები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სადღესასწაულო გარემოში ატარებენ. ასევე, გავრცელებული პრაქტიკაა “საახალწლო რეზოლუციის” შემუშავებაც. ეს საკუთარ თავთან დადებული პირობებია, რომლების შესრულებაც ადამიანს დამდგარი წლის განმავლობაში სურს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალი წლის სურვილებში მეტი ფულის დაზოგვა ამერიკელების უმრავლესობას სურს. ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ინფორმაციით, 2015 წლის საშუალო მაჩვენებლის თანახმად, ამერიკაში მოსახლეობა შემოსავლის მხოლოდ 5 პროცენტის გადანახვას ახერხებს.

სხვა პრიორიტეტებს შორისაა წონაში დაკლება. ეს გამოკითხულთა 44 პროცენტს სურს; 37 პროცენტს ოჯახთან და მეგობრებთან მეტი დროის დაყოფა, 35 პროცენტს მეტი მოგზაურობა სურს. ამერიკელების 30 პროცენტი ამბობს, რომ უნდა 2016 წელს უფრო მეტად მოწესრიგებული იყოს.

საკრედიტო ბარათებზე ბალანსის დაფარვა ამერიკელების 29 პროცენტის პრიორიტეტია. შეერთებულ შტატებში ერთ ადამიანს საკრედიტო ბარათებზე ვალი, საშუალოდ, 15 ათასი დოლარი აქვს.

“ჩვენ ველოდებოდით, რომ ვალის გადახდა გამოკითხულთა უფრო მაღალი პროცენტისთვის იქნებოდა, ” ამბობს ჯასტი. “ეს დიდი პრობლემაა. უამრავ ადამიანს საბოლოო ჯამში გაკოტრების გამოცხადება უწევს იმის გამო, რომ ვალის გადახდას ვეღარ ახერხებს. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახელეობა უფრო მეტად იყოს ინფორმირებული იმაზე, თუ როგორ მართოს საკუთარი საკრედიტო ბარათები.”

ამერიკელების 45 პროცენტი ამბობს, რომ ახალი წლისთვის სურვილების სიას ადგენს, თუმცა მათ შესრულებას მხოლოდ 8 პროცენტი ახერხებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო კონკრეტულია სურვილი, მით უფრო ადვილია მისი შესრულება. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, რომ გვინდა გახდომა, ვთქვათ რამდენი კილოს დაკვლებას ვგულისხმობთ, ან როცა ვამბობთ, რომ უფრო მეტი ფული გვინდა, კარგი იქნება თუ ვიტყვით რამდენით მეტი. კონკრეტული მიზნების დასახვა კონკრეტული მოქმედებების დაგეგვმაში დაგვეხმარება.

ჯასტი ამბობს, რომ კონკრეტიკასთან ერთად, მიზნები რეალისტურად განხორციელებადი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში თუნდაც ურთულესი ამოცანა შედარებით ადვილი მისაღწევი ხდება.

XS
SM
MD
LG