ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის შესახებ ჟენევაში მსჯელობენ


ჟენევაში სირიის საკითხებზე დღეს მოლაპარაკება მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს დიპლომატებიც იღებენ. ისინი სირიაში მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ცდილობენ. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენ პატერსონი უძღვება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს უმაღლეს სამხედრო ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სირიაში საომარი ოპერაციის მიზანი რუსეთის სირიელი ექსტრემისტებისგან დაცვაა. რუსეთისადმი საფრთხე მისი განცხადებით “აშკარაა” და ამიტომ ის არმიას ურჩევს, “სასწრაფოდ გაანადგურონ” სირიაში განლაგებული სამიზნეები.

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სირიასთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას ცდილობენ. ამერიკის წინამძღოლობით მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის იერიშების სამიზნე სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოა. მაშინ, როცა რუსეთის ავიაცია ძირითადად სირიელ ამბოხებულებს ბომბავს, მათ შორის მათ, ვისაც დასავლეთი ეხმარება.

ამ ფონზე სირიაში დღეს ზედიზედ რამდენიმე სამანქანო აფეთქება განხორციელდა, რომელთა შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებებს ადგილი ჰქონდა ქურთისტანის ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ თელ-თამერში.

ათეულობით ადამიანი დაშავებულია და უფლებადამცველების ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. სირიაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირებიდან დღემდე 250 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG