ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ქალებისთვის ხელფასის გაზრდას ცდილობს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ძალისხმევას აძლიერებს საკუთარი ინიციატიცის განსახორციელებლად, რომლის თანახმადაც ქალებს ხელფასი მამაკაცების მსგავსად გადაეხდებათ. პრეზიდენტმა ამისთვის აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც კომპანიებს უკრძალავს სამსახურიდან გაათავისუფლონ ან დასაჯონ ის თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი ხელფასის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ და საკუთარ ანაზღაურებას სხვა თანამშრომლების ხელფასს შეადარებენ.

ამერიკულ სამსახურებში ხელფასზე გენდერული დისკრიმინაცია 1963 წლის შემდეგ არაკანონიერად ითვლება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქალებს კაცებთან შედარებით ნაკლები ხელფასი აქვთ:

„დღეს, სრულ განაკვეთზე მომუშავე ქალს, კაცების მიერ გამომუშავებულ დოლართან შედარებით 77 ცენტს უხდიან, შავკანიან ამერიკელებს და ლათინოსებს კიდევ უფრო ნაკლები ხელფასი აქვთ. ეს სირცხვილია. ეს არასწორია.“

ამერიკული კომპანიები პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ისინი დაუცველი იქნებიან სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში თუ საჩივარი ხელფასის არასამართლიანად გადახდის ბრალდებაზე იქნება დაფუძნებული.

ობამას პოლიტიკური ოპონენტები კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შუალედურ არჩევნებზე ქალი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მიიღო.
XS
SM
MD
LG