ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა საიდუმლოებებს ფლობს ხიზრი ალდამოვი?!


საქართველოში ჯოხარ დუდაევის ყოფილი წარმომდგენელი ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა, 13 ივნისს ჩეჩნეთის ლიდერს, მოსკოვის პოლიტიკის მომხრე რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა, განაცხადა, რომ ”სურს დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გაატაროს და საკუთარი ხალხისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს''. ბოლო წლებში თბილისში მას ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლად მოიხსენიებდნენ.

"ხიზრი ალდამოვის მონათხრობის საფუძველზე, რუსეთმა ქართულ მხარეს შესაძლოა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას" - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. მამუკა არეშიძის თქმით, ”ხიზრი ალდამოვი 90-ან წლებში საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენელი იყო, შემდგომში, როდესაც იჩქერიის მოძრაობა დამარცხდა, ის ქართულ მედიაში აღიქმებოდა, როგორც ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელი, თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო. იგი წარმოშობით არის ქისტი, საქართველოს მოქალაქე. მისი მშობლიური მიწა პანკისის ხეობაა , ალდამოვის გვარიც ქისტური გვარია”. ექსპერტის თქმით, ხიზრი ალდამოვი კარგად არის ინფორმირებული რა ხდებოდა 90-ან წლების ბოლოს და 2000 წლების დასწყისში პანკისის ხეობაში:
” აქედან გამომდინარე მას შეუძლია ისეთი ტიპის ინფორმაცია მიაწოდოს რუსულ მხარეს, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ინტერპრეტირებული ინფორმაცია შეიძლება წამგებიანი იყოს საქართველოსთვის. რუსულ სპეცსამსახურებს დიდი გამოცდილება აქვთ, როგორ უნდა მოახერხონ ნებისმიერი ინფორმაციის ინტერპრეტირება თავის სასარგებლოდ. გარდა ამისა, მან შესაძლებელია სხვა რამეც იცოდეს, რაც არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ფაქტიური სახით იქნება სახიფათო საქართველოსთვის. რადგან ის იყო იჩქერიის წარმომადგენელი წლების განმავლობაში საქართველოში, რთულ წლებში.. და არა მხოლოდ ფაქტიურ ინფორმაციას, პოლიტიკურ ინფორმაციასაც ფლობს”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ხიზრი ალდამოვის ჩეჩნეთში დაბრუნებას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროპაგანდისტულ აქციას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ალდამოვის პირადი გადაწყეტილება არ იყო:
” ალდამოვის განცხადება, რომ ის არ დაბრუნდება საქართველოში, სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, შემთხვევითი განცხადება არ არის და მკაფიოდ უსვამს ხაზს, ვის მიერ არის დაწერილი განცხადება, რომელიც მან გააჟღერა.”
იმავე დღეს, 13 ივნისს რუსეთის მიგრაციის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ 9 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე რუსეთში უკანონოდ იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება ” მოწმობს საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანიის დაწყებას”.
შეიძლება თუ არა რუსეთის ეს ნაბიჯი საქართველოში დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს?
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს:
” მე პირდაპირ ვუკავშირებ ამას. ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი, ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა თუნდაც იმით, რომ ინფორმაციის ნაკლებობა გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განცხადების შინაარსიდან გამომდინარე შევაფასოთ ეს მოვლენა. ერთის მხრივ არ გამოვრიცხავ ეს იყოს კიდევ ერთი დარტყმა საქართველოზე და ამას საფუძველი მოუნახოს რუსეთის სპეცსამსახურებმა ზუსტად ის, რომ 9 000 არალეგალი ქართველის დეპორტაცია ხდება იმიტომ, რადგან ქართველები ხიფათს წარმოადგენენ რუსეთისთვის როგორც ტერორისტული იდეის მატარებლები. იმიტომ რომ სხვა მხრივ ცოტა რთული გასაგებია რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი რუსებმა, რადგან არალეგალურ მდგომარეობაში რუსეთში 10-ჯერ მეტი შუააზიის მაცხოვრებელი იმყოფება.
მათ მიმართ მსგავსი აქცია არ განხორციელებულა?
მათ მიმართ ასეთი აქცია იყო ცოტა ხნის წინ, მაგრამ ეს იყო კამპანიური და რა ფაქტიური ხასიათის. ქართველების წინააღმდეგ ერთი სერიოზული კამპანია 2006 წელს ჩვენ უკვე ვნახეთ. რადგან ასეთი რამ ითქვა, ველოდებით იმ ტიპის კამპანიის განმეორებას, რომელიც მოხდა 2006 წელს. მეორე ვერსია, რომელიც შეიძლება არსებობდეს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან, გარკვეული კონტაქტები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეიმჩნევა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ეჭვი ქართულ საზოგადოებაში არსებობს. ეს შეიძლება იყოს კამპანია იმისთვის, რომ ამ ადამიანების დეპორტაციაზე ვიღაცამ აქ იმიჯი შეიქმნას ანტირუსული რიტორიკით. ანტირუსულ რიტორიკას მიებმება მერე ოპოზიციის საკითხი, როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის, რომ აი, ოპოზიცია არის იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც ქართველების დეპორტაციას ახდენს რუსეთიდან ...
ან შეიძლება რუსეთის მიზანი იყოს 9 000 უმუშევარი გამოგზავნოს საქართველოში..
ეს ის რიცხვი არ არის, რომელიც განსაკუთრებულ პრობლემას შექმნის.. თუ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს, თუ ამ ვერსიას მივყვებით, მაშინ შესაძლებელია 9 000-ს კიდევ 9 000-ი დაემატოს, თუმცა ეს ის რაოდენობა არ არის, რომელიც განსაკუთრებულ ზეგავლენას მოახდენს პროცესებზე”.
XS
SM
MD
LG