ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალების უფლებები


გაერო: ქალის უფლებაა იმდენი შვილი იყოლიოს, რამდენიც სურს

დედამიწაზე ამჟამად 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ნახევარი ახალგაზრდაა, 25 წლის, ან ნაკლები. ჯონ სიგერი ორგანიზაცია „მოსახლეობის კავშირის“ (Population Connection) პრეზიდენტია. ორგანიზაცია მოსახლეობის მონაცემთა სტაბილიზაციისთვის არის მოწოდებული.

დედამიწას დღეში საშუალოდ მეოთხედი მილიონი ადამიანი ემატება. თუმცა პლანეტა, თავისთავად, რა თქმა უნდა, არ იზრდება“ - ამბობს ის.

ჯონ სიგერის თქმით, ქალებს საკუთარი ოჯახის წევრთა რაოდენობის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ და უნდა შეეძლოთ იმდენი შვილი გააჩინონ, რამდენიც სურთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე სულ ცოტა 222 მილიონი ქალია, რომელთაც ორსულობის დროებით გადავადება, ან თავიდან აცილება სურთ, მაგრამ კონტრაცეპტივებზე ხელი არ მიუწვდებათ. ღარიბ ქვეყნებში მათი რიცხვი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება.

ასეთ სახელმწიფოთა სიაშია პაკისტანი და ინდოეთი. ილჰამ ჯაფერი 1 წლისაც არ იყო, როცა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადმოვიდა. დედა პაკისტანელი ჰყავს, მამა კი - ინდოელი. ილჰამს მიაჩნია, რომ მშობლების სამშობლოში კონტრაცეფციაზე საუბარს რელიგიური და კულტურული სტერეოტიპების გამო უმეტესად ტაბუ აქვს დადებული.

„არასასურველი ორსულობის შემთხვევაში, ქალი იძულებულია მთელი თავისი გეგმები განათლების, კარიერის და უამრავი სხვა საკითხის შესახებ უკანა პლანზე გადაიტანოს,“ - ამბობს ილჰამი.

მას ახალგაზრდა, დაბალშემოსავლიან დედათა საზოგადოების ჩამოყალიბება და პაკისტანელი ქალების დახმარება სურს.

ანალოგიური სიტუაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. მათ შორის არის ეთიოპიაც. მაჰალა დეჯენი შეერთებულ შტატებში ეთიოპიიდან სულ ორი წლის წინ ჩამოვიდა და მიაჩნია, რომ სიტუაცია იქ უკეთესობისკენ იცვლება.

ადრე ყოველ წელს ახალ შვილს აჩენდნენ. ახლა უფრო აკონტროლებენ შვილების რაოდენობას და ოჯახს,“ - ამბობს ეთიოპელი მაჰალა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2015 წლისთვის კონტრაცეფციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ინიციატივით გამოდის. ილჰამი ფიქრობს, რომ მან მიზნის მიღწევის მთავარ გასაღებს უკვე მიაგნო:

„ერთადერთი გამოსავალი, ჩემი აზრით, ქალებისთვის განათლების მიცემაა. ქალს თუ ექნა ინფორმაცია, მთელი ოჯახი განათლებული ეყოლება“ - ამბობს პაკისტანელი იმიგრანტი.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა განვითარებადი ქვეყნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია, რომელიც ადამიანის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის აუცილებელი ატრიბუტია. სწორედ ამიტომ, გაეროში საჭიროდ ჩათვალეს მსოფლიო მოსახლეობის დღეზე აქცენტი ქალთა მიერ სასურველი ორსულობის და ოჯახის დაგეგმვის აუცილებლობაზე გაკეთებულიყო.
XS
SM
MD
LG