ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობისგან დაცვა ეკონომიურად


საკუთრებისა და ქონების გარეშე დარჩენილ ძალადობის მსხვერპლთა ნახევარს რეაბილიტაციის შემდგომ დაბრუნება ისევ მოძალადის ოჯახში უხდება.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გამოწვევა, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს წინაშე დგას, კომპლექსურია და რამდენიმე სტრუქტურის კოორდინირებულ საქმიანობას მოითხოვს. საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს საქორწინო ასაკის შეზღუდვის შესახებ. აქამდე, საქართველოში 16 წელს მიღწეული ადამიანებისთვის ქორწინების ნებართვა მშობლებისგან საკმარისად ითვლებოდა. ახლა ეს ნორმა იზღუდება და გადაწყვეტილებას მხოლოდ მოსამართლე მიიღებს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გოგონა ორსულადაა, ბიჭი კი ბავშვის დაბადებას ელის. კანონის ავტორი, პარლამენტარი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მომავლისთვის ანალოგიური შეზღუდვა 18 წლამდე ასაკამდე დაწესდება, რითაც ბავშვის უფლებათა კონვენციასთან საბოლოოდ მოვა შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობა, ამ თვალსაზრისით. „ქორწინების უფლება, რომელიც არსებობდა 16-დან 18 წლამდე შეიზღუდება და იარსებებს გარკვეული წესები, ისიც გარკვეული ვადით, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, საქართველოში საერთოდ აიკრძალება 18 წლამდე არასრულწლოვან პირთა ქორწინება, რასაც ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენცია,“- აცხადებს თამარ კორძაია.

ნუ გაათხოვებ!- ასე ეწოდება კამპანიას, რომელმაც სტარტი გუშინ საქართველოს 14 ქალაქში აიღო და 16 დღე გაგრძელდება. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ნაადრევი ქორწინება გენდერული ჩაგვრის კიდევ ერთი სახე და გამოხატულებაა. ბაია პატარაია, ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი და აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „ადრეული ქორწინების თემა არის თემა, რომელსაც ყურადღებას არ აქცევს არც საზოგადოება და არც სახელმწიფო. ადრეულ ქორწინებას ადამიანის უფლებათა დარღვევად, გოგონების უფლებათა დარღვევად არავინ აღიქვამს, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს ქალთა მოძრაობის 16 დღიანი კამპანია მიგვეძღვნა ადრეული ქორწინების პრობლემატიკისთვის. მას აქვს კამპანიის სახე და ვახორციელებთ რამდენიმე ღონისძიებას, იმისთვის, რომ მივიქციოთ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება.“

საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა სულ სამი სახელმწიფოსგან დაფინანსებული თავშესაფარი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისსა და გორში. ტრეფიკინგის მსხევრპლთათვის თავშესაფრებია ასევე თბილისსა და ბათუმში, ამგვარი თავშესაფარი მალე იარსებებს კახეთშიც.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამუნა ბარკალაია, რომელსაც "ამერიკის ხმა" ესაუბრა, დღეისთვის არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევად ძალადობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. ხშირად, დაახლოებით 100-დან 40-45 შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლს რეაბილიტაციის პერიოდის გავლის შემდეგ, იგივე ოჯახში უწევს დაბრუნება, სადაც მის მიმართ ძალადობა ხორციელდებოდა. ეს იმის გამო ხდება, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთრება ან შემოსავალი, თავშესაფარში მათი ცხოვრება კი ექვსი-შვიდი თვის მეტს არ ითვალისწინებს. „დაახლოებით, 40-45 პროცენტი თავშესაფრიდან ბრუნდება საკუთარ ოჯახებში, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სოციალური მუშაკი მუშაობს და როდესაც მსხვერპლს ამის სურვილი აქვს. ყველა ქეისი ინდივიდუალურია. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლს სურვილი აქვს, სოციალურმა მუშაკმა იმუშაოს მის ოჯახთან, მეუღლესთან, თუ ვინც იქნება მოძალადე ოჯახში, სოციალური მუშაკი ოჯახში ახორციელებს ვიზიტებს, გასაუბრებას მეუღლესთან... გარდა ამისა, ჩვენი თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ, თუ მსხვერპლი წავიდა მოძალადის ოჯახში, ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგის ვიზიტები, რათა თავიდან ავიცილოთ განმეორებითი ძალადობა.“- ამბობს თამუნა ბარკალაია.

ამ დროისთვის საქართველოში არც კრიზისული ცენტრები არ ფუნქციონირებს, სადაც ძალადობის მსხვერპლს შეეძლება თავის შეფარება. თავშესაფარში მოხვედრა მხოლოდ საპატრულო პოლიციის გავლით, ან მსხვერპლის სტატუსის მოპოვების შემდეგაა შესაძლებელი. ეს პროცედურა კი ხუთ სამუშაო დღეს მოითხოვს.

XS
SM
MD
LG