ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ახალი სტრატეგია სირიაში


გასულ თვეში ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ მებრძოლი, ქურთი და არაბი ძალების დასახმარებლად, ჩრდილოეთ სირიაში საგანგებო დანიშნულების ძალებს განალაგებს.

ამ განცხადებამ ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას დებატები გამოიწვია. რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ თქვა, რომ იმ დროს, როცა „ისლამური სახელმწიფო“-ს ექსტრემისტებთან დაპირისპირებაა საჭირო, ის „ისლამურ სახელმწიფო“-სთან პირდაპირ საბრძოლველად, ამერიკული სამხედრო ძალების მასიურად გამოყენებას მხარს არ უჭერს.

დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ბერნი სანდერსმა თქვა, რომ შიშობს, 50 სამხედროს სირიაში განლაგება, უბრალოდ უფრო ფართო პასუხისმგებლობის დასაწყისი შეიძლება იყოს.

დემოკრატ ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ძალების შეზღუდულ განლაგებაში „აზრს ხედავს“, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო სახმელეთო ომს ეწინააღმდეგება.

თეთრმა სახლმა ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო დანიშნულების ძალების, წვრთნის და დახმარების როლი იმ ვალდებულების გვერდის ავლას არ ნიშნავს, რომელიც ამ რაიონში სახმელეთო ჯარების არ შეყვანას გულისხმობს.

შეერთებული შტატები ზოგიერთი ისეთი ადამიანის შეიარაღებას აპირებს, რომელსაც ადრე სასურველ მოკავშირედ ვერ განვიხილავდით.
დეს როჩი, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დევის დეს როჩი ამბობს, რომ სახმელეთო ჯარების განლაგება, ჩვეულებრივ სახმელეთო საბრძოლო ოპერაციებს ნიშნავს, მაგრამ ადმინისტრაცია რასაც გეგმავს არის ისეთი რეიდი, როგორიც ამერიკის საგანგებო დანიშნულების ძალებმა ერაყელი მებრძოლების დასახმარებლად განახორციელეს, როცა მძევლების გათავისუფლება მოხდა - სირიაში ადგილობრივი მებრძოლები, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ საბრძოლველად წარმართოს.

„ადმინისტრაცია ძალიან რთული წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს, მათ არ სურთ სირიაში ისეთივე პასუხისმგებლობა ჰქონდეთ, როგორც ავღანეთში ან ერაყში გვაქვს, მაგრამ იმავდროულად ხვდებიან, რომ სტრატეგია, რომელიც ადრე გვქონდა არჩეული, სავარაუდოდ ჩვენთვის სასურველ შედეგებს არ მოიტანს,“ ამბობს დეს როჩი.

მან აღიარა, რომ ახალი სტრატეგია შორდება იმ ვითარებას, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებას არა „ისლამური სახელმწიფო“-ს, არამედ სირიის პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ, ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მხარეს მიმართავდა.

„შეერთებული შტატები ზოგიერთი ისეთი ადამიანის შეიარაღებას აპირებს, რომელსაც ადრე სასურველ მოკავშირედ ვერ განვიხილავდით მათი ექსტრემიზმის ან სხვა პრობლემის გამო. ახლა, „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის სასარგებლოდ ჩვენს სტანდარტებს ვამცირებთ.“

რაფიკ ჰარირის ცენტრის მკვლევარის, ფაისალ იტანის თანახმად, ამან შეიძლება სირიაში ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგობრიობა გააქროს.

„წვრთნის და აღჭურვის პროგრამა“ თავიდანვე იმან შეაფერხა, რომ პროგრამის მონაწილეებს მხოლოდ „ისლამური სახელმწიფო“-ს და არა ასადის წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვებოდათ. შეერთებულმა შტატებმა ამის აბსურდულობა აღიარა და ამერიკული ძალების გაგზავნა საკმაოდ ელეგანტური გადაწყვეტაა, რომელიც ასადის პრობლემას თავს არიდებს.“

მნიშვნელოვანი ნაბიჯი თუ დროებითი შველა?

ზოგიერთი ექსპერტი ირწმუნება, რომ ახალი სტრატეგია საკმარისად ყოვლისმომცველი არ არის, თუმცა მას გარკვეული დამატებითი ღირებულება გააჩნია. მაიკლ ოჰანლონი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ამბობს:

„ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან საგანგებო დანიშნულების ძალების ჯგუფს სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან უკეთესი კონტაქტის დამყარება, სამეთაურო - საკონტროლო და ტაქტიკური საჰაერო კონტროლის უკეთესად წარმართვა შეუძლია.“

ოჰანლონმა თქვა, რომ ეს შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გახდეს, მაგრამ თავისთავად არასაკმარისი იყოს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის თქმით „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ ამერიკის სტრატეგია მომავალში მეტ ავიადარტყმებს და შესაძლო სახმელეთო შეტევას მოიცავს.

თუმცა ექსპერტებმა, როგორიცაა ელჩი ფრედერეკ ჰოფი, სირიაში გარდამავალი პერიოდის შესახებ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი საგანგებო მრჩეველი, შერეული შეფასებები გააჟღერეს:

„სირიაში საგანგებო დანიშნულების ძალების მცირე რაოდენობით განლაგება ვითარებას მნიშვნელოვნად არ შეცვლის. ეს უფრო დროებითი შველაა, თუმცა პოტენციურად სასარგებლოა.“

ელჩმა ჰოფმა თქვა, რომ პრეზიდენტ ობამას ამოცანას, შეასუსტოს და გაანადგუროს „ისლამური სახელმწიფო“ ის აფერხებს, რომ სირიაში და ერაყში საკმარისი რაოდენობის ისეთი სახმელეთო ძალები არ არსებობს, რომელიც კოალიციის საჰაერო ძალების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაპყრობას და შენარჩუნებას შეძლებდა. მან აქვე დაამატა:

„არსებულ წინააღმდეგობის ელემენტებს ეს საგანგებო ოპერაციები, რა თქმა უნდა, დაეხმარება და ადგილზე ძალისხმევისთვის გარკვეული ფორმის მიცემით, ვაშინგტონს შესაძლოა საშუალება მიეცეს, რეგიონის სახელმწიფოებს სახმელეთო საბრძოლო კომპონენტის უზრუნველყოფისკენ მოუწოდოს, რომელსაც სირიიდან „ისლამური სახელმწიფო“-ს განდევნა შეუძლია და შესაბამისად, ერაყში ბრძოლას სასურველი მიმართულებით გადახრის.“

ეს მოქმედებს თუ არა?

შეერთებულმა შტატებმა, „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ მებრძოლი ქურთი და არაბი ძალების დასახმარებლად ტყვია-წამალი და აღჭურვილობა უკვე გადაისროლა. მათ „ისლამური სახელმწიფო“-ს 200 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია უკან წაართვეს. თუმცა ოჰანლონი ირწმუნება, რომ ახალი სტრატეგიის ქმედუნარიანობაზე დასკვნის გაკეთება ნაადრევია.

„ვფიქრობ, რომ თუ სტრატეგიის მიზნად „ისლამური სახელმწიფო“-ს დამარცხება და საბოლოოდ, ახალი მთავრობის შესაქმნელად ასადზე დაწოლა რჩება, ჯერ-ჯერობით შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. ეს კარგი სიახლეა, თუმცა ახალი სტრატეგიის დამამტკიცებელ საბუთად არ უნდა განვიხილოთ.“

XS
SM
MD
LG