ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზაფხულო დასაქმების ახალი რეგულაციები აშშ-ში


ასი ათასზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი დასაქმების ან მოგზაურობის მიზნით წლევანდელ ზაფხულს აშშ-ში გაატარებს. სტუდენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზაფხულო დასაქმებისა და მოგზაურობის პროგრამის მონაწილენი არიან და J-1 გაცვლითი ვიზიტორის ტიპის ვიზით ისარგებლებენ.

პროგრამის არსი მდგომარეობს სტუდენტების დასაქმებაში სამ თვემდე ვადით, რაც მათ საშუალებას მისცემს, გამოიმუშავონ საკმარისი თანხა აშშ-ში ერთთვიანი მოგზაურობისათვის სამშობლოში დაბრუნებამდე.

საზაფხულო დასაქმებისა და მოგზაურობის პროგრამა მრავალი წელია არსებობს, თუმცა წელს მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა დასაქმების რეგულაცია შეცვალა. აღნიშნული ცვლილება უკავშირდება გასულ ზაფხულს, ჰერშის შოკოლადის სადისტრიბუციო ცენტრში დასაქმებული უცხოელი სტუდენტების გაფიცვას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუდენტებს არანორმირებული სამუშაოს შესრულება უხდებოდათ, რაც მათ გარესამყაროსთან კონტაქტისგან ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავდა. სტუდენტები ჩიოდნენ, რომ მათ მძიმე ყუთების აწევა და ღამის საათებში მუშაობა უწევდათ.

სხვა თანამშრომლებთან ერთად, პალმირაში (პენსილვანიის შტატი) მდებარე ქარხანაში შექმნილი ვითარება გააპროტესტეს სტუდენტებმაც, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ აგრეთვე ანაზღაურებითაც, რაც შემოსავლებიდან დაკავებული თანხებით იყო განპირობებული. მათი ანაზღაურების ნაწილი სხვა ქვეკონტრაქტორებზე ნაწილდებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აკრძალა საზაფხულო დასაქმებისა და მოგზაურობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დასაქმება საწყობებსა თუ დამფასოებელ ქარხნებში. ცვლილების თანახმად, სამუშაო საათები არ უნდა ემთხვეოდეს ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე ინტერვალს. გარდა ამისა, სტუდენტები არ იმუშავებენ ისეთ ადგილებში, რომლებიც დასაქმების ფედერალური დეპარტამენტის აზრით არ არის უსაფრთხო.

შემოდგომაზე დაგეგმილია დამატებითი აკრძალვების დაწესება იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც ძირითადად უკავშირდება სამშენებლო, საწარმოო და სურსათ-გადამამუშავებელ საქმიანობებს. საზაფხულო დასაქმებისა და მოგზაურობის პროგრამის მონაწილე სტუდენტები არ დაიშვებიან, აგრეთვე, სამთო და სასოფლო-სამეურნეო პოზიციებზე სამუშაოდ.

ვაშინგტონის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, დანიელ კოსტა მიესალმება ზემოაღნიშნულ ახალ შეზღუდვებს.

დანიელ კოსტა: “აღნიშნული ცვლილება კარგია, რადგან იგი უცხოელ მომუშავეებს საწარმოო დაზიანებებისგან დაიცავს. ამასთან, დაცულნი იქნებიან ამერიკელი მუშაკებიც, რადგან ამ პოზიციებზე უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია.”

გარდა ამისა, კოსტამ დადებითად შეაფასა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლებს შეუძლიათ პროგრამის მონაწილე სტუდენტებს მხოლოდ დროებითი ან სეზონური სამსახური შესთავაზონ. მისი თქმით, ზოგიერთი დამსაქმებელი მუდმივად ქირაობდა ახალ სტუდენტ-მუშაკებს, რათა თავიდან აეცილებინა სრული განაკვეთით თანამშრომლების სამსახურში აყვანა.

ჯაკობ ჰორვიცი: “J-1 ტიპის სავიზო ცვლილებები რეალურად ითვალისწინებს სტუდენტების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და თანაბრად იცავს როგორც წარმოებაში დასაქმებულ ადგილობრივ მუშაკებს, ისე J-1 ვიზის მფლობელ მომავალ სტუდენტებს.”

ჰორვიცი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები კულტურულ-გაცვლით პროგრამას თავდაპირველ მიზანს დაუბრუნებს.

XS
SM
MD
LG