ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო კანონი სენატში განსახილველად შევიდა


იურიდიულმა კომიტეტმა საემიგრაციო რეფორმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო

საემიგრაციო რეფორმა პირველი საკანონმდებლო წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ სენატში მთავარი განხილვისთვის შედის. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი სამშაბათს გამართული იურიდიული კომიტეტის განხილვის შესახებ მოგვითხრობს, სადაც კანონი ორპარტიული თანხმობით დამტკიცდა.

13 მომხრე და 5 მოწინააღმდეგე - იურიდიული კომიტეტის კენჭისყრის შედეგები ასე გამოიყურება.

ოთხშაბათს, უმრავლესობის ლიდერმა, ჰარი რიდმა განაცხადა, რომ ახალი საემიგრაციო კანონმდებლობის სრული განხილვა სენატში მომავალი თვის დასაწყისში დაიწყება.

ჰარი რიდი: სასიხარულოა, რომ ამ რეფორმების განხორციელებით შეერთებული შტატები უფრო უსაფრთხო ქვეყანა გახდება და 11-მილიონიან არალეგალს ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის უფლება კანონიერად მიეცემა.

არალეგალური პირების ლეგალიზების პარალელურად, საემიგრაციო რეფორმა ხელს შეუწყობს ამერიკის სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვას, და კანონიერ საემიგრაციო პროცესის წარმართვას.

მომზადებული კანონპროექტი სენატის ეგრეთ წოდებული „ რვიანის ჯგუფის“ ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე იურიდიულ კომიტეტიდან სენატში უკვე ჩამოყალიბებული სახით შევიდა. კანონმდებლებმა ათობით შესწორებას უყარეს კენჭი. წინააღმდეგ შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ კანონ-პროექტი მიუღებელი ყოფილიყო როგორც რესპუბლიკელებისთვის, ასე დემოკრატებისთვისაც. მათ ასევე ისეთი სადავო საკითხები განიხილეს, როგორიცაა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ჰომოსექსუალ წყვილთა უფლებების დაცვა ჰეტეროსექსუალურ წყვილთა მსგავსად.

დემოკრატმა სენატორმა დაიანა ფეინშტეინმა არსებული ვითარება შეაჯამა.

დაიანა ფეინშტეინი: მე მსურს რომ კანონი იქნას მიღებული. ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, თქვა მან.

სენატორი ჯონ კორნინი რეპუბლიკური პარტიის იმ ხუთეულშია, რომელმაც კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა. თუმცა სენატის მთელი შემადგენლობის მიერ კანონის განხილვის იმედით, კორნინი ამბობს, რომ კანონთან დაკავშირებული დებატების დაბლოკვას აღარ შეეცდება.

ჯონ კორნინი: კოლეგებთან ერთად კანონ-პროექტის გაუმჯობესებაზე უკვე სენატის ფარგლებში ვიმუშავებ.

"კანონმა ბევრი მხარდაჭერა მიიღო" - განაცხადა ბურკინგსის ინსტიტუტის პოლიტიკურ საკითხთა ანალიტიკოსმა თომას მანმა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუკი კანონი სენატში გავიდა ეს არ ნიშნავს სრულ გარანტიას რომ მას წარმომადგენელთა პალატაშიც იგივე ბედი ეწევა.

თომას მანი: წარმომადგენელთა პალატაში ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი რესპუბლიკელია. იქ უფრო რთულია კანონის მიღება, ვიდრე სენატში.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელმოსაწერად თეთრ სახლში კანონს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც კონგრესის ორივე პალატა საემიგრაციო რეფორმის იდენტურ ვერსიებს დაამტკიცებს.

თომას მანი: ეს საკმაოდ წამახალისებელია. სენატის ორპარტიულობა ისევ ძალაშია საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით. ეს ჯანსაღი პროცესია, რომელიც სენატში გასვლის შანსს იძლევა.

იურიდიულ კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ სხვადსხვა ბიზნეს, მუშათა, რელიგიური, საადვოკატო და უფლებადამცველი ორგანიზაციები სპეციალური განცხადებით გამოვიდნენ. ისინი კონგრესს დაპირდნენ რომ საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით თავიანთ თანადგომას ისევ გააგრძელებენ. ის ჯგუფები კი რომლებიც რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, თავიანთ ზეწოლას აგრძელებენ, და კანონს ქვეყანაში არალეგალურად შემოსული და უვიზოდ დარჩენილი არალეგალების დე-ფაქტო ამნისტიას უწოდებენ.
XS
SM
MD
LG