ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთში უკრაინაზე მსჯელობენ


ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ

აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, რაც რუსეთის ჩარევის და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. მოვლენების პარალელურად ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეხვედრას მართავენ, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. მათ შექმნილ ვითარებაში მთავარი დამნაშავის ძებნაზე დიდი დრო არ დაუკარგავთ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირდაპირ მოსკოვზე მიუთითა.

„ყველა გარეგნული ნიშანია მომავალში დიდი რაოდენობით გამიზნული და წინასწარ დაგეგმილი ძალადობის ზრდის, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული“ - აცხადებს უილიამ ჰეიგი.
ბმული

პირდაპირობით გამოირჩეოდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტიც. „ჯერჯერობით მათი მხრიდან ესკალაციას ვხედავთ. და თუ ასე გააგრძელებენ, ჩვენც ესკალაციას უნდა მივმართოთ“ - განაცხადა მან.

ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს. ისინი რუსეთის წინააღმდეგ სავიზო რეჟიმს გაამკაცრებენ და სანქციების მასშტაბს გაზრდიან.
იმავე დღეს, როცა ლუქსემბურგში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მოვლენებს განიხილავდნენ და გამოსავალზე მსჯელობდნენ, შეერთებული შტატების არმიის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ძალიან ახლო მანძილზე დაფრინავდა ამერიკულ გემ „დონალდ კუკთან“, USS Donald Cook. ხომალდი საერთაშორისო წყლებში პატრულირებდა. პენტაგონის ოფიციალური განცხადებით, მართალია რუსული თვითმფრინავი რაკეტებით შეიარაღებული არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსი სამხედროების ქმედება შეფასდა, როგორც „პროვოკატორული და არაპროფესიონალური“.

მოსკოვის პასუხი ისევ დასავლეთის დადანაშაულებაში გამოიხატა. სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთს კიევის მხრიდან ძალადობის განხორციელებისკენ წაქეზებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, „მოვლენები ექსტრემალურად საშიშ ფაზაშია. და ის, ვინც კიევის ამჟამინდელ მმართველებს ზომების მიღებისკენ აქეზებს, მთელი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს“.

ლავროვმა ასევე იკითხა, თუ რა მიზნით იმყოფებოდა გასულ კვირას შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის შეფი ჯონ ბრენანი კიევში. თეთრი სახლის პრესსპიკერის -ჯეი კარნის- განმარტებით, ეს „სტანდარტული“ ვიზიტი იყო, რომელიც უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დაწინაურების მიზნით გაიმართა. კარნიმ რუსეთს უკანდახევისკენ მოუწოდა და დაემუქრა კიდეც:

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რუსეთის შემდგომი კანონდარღვევები და პროვოკაციები საფასურის გარეშე არ ჩაივლის“ - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ პრორუსულმა სამხედრო დაჯგუფებებმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში სამთავრობო უწყებათა შენობების დაპყრობა წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებულად და პროფესიონალურად ჩატარებული ოპერაციის შედეგად განახორციელეს. მოიერიშეებს შორის ბევრს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა და რუსული წარმოების იარაღი ეჭირა. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი მათ შენობების თავზე რუსეთის და სეპარატისტთა დროშები აღმართეს, რეგიონიდან დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები განდევნეს და სანაცვლოდ, პრორუსულ მედიას განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას გააჩნია იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ამ უკანონო ოპერაციების უშუალო ორგანიზატორები არიან და პრორუსული აქტივისტების მიერ ორგანიზებული ამბოხი მათი ორკესტრირებულია. დატყვევებულია ადამიანი, რომელიც ადასტურებს, რომ ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სწორედ ამ სახის ოპერაციების ჩატარებისთვის დაიქირავეს.

ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, შეერთებული შტატებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არის. ამერიკამ ორშაბათს უკრაინას მილიარდიანი კრედიტის გარანტია მისცა.
XS
SM
MD
LG