ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა მარიუპოლი დაიბრუნა


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ქალაქ მარიუპოლის სამთავრობო შენობაში პრორუსი სეპარატისტები აღარ არიან

არსენ ავაკოვის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მათ მარიუპოლის სამთავრობო შენობიდან პრორუსი სეპარატისტები განდევნეს და თანამშრომლებს შეუძლიათ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქის სეპარატისტებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ავაკოვმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა. ოპერაციის დეტალების, შესაძლო დაშავებულების, ან მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

კიევი ასევე იუწყება, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქ არტემივსკში მდებარე სამხედრო ბაზაზე სეპარატისტთა შეიარაღებული დაჯგუფების იერიში მოიგერიეს. ერთი ჯარისკაცი დაჭრილია. უკრაინის მთავრობა ავრცელებს ცნობას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ანტი-ტერორისტული ოპერაციის განაახლების შესახებ. შეიარაღებული სეპარატისტები მთავრობის შენობებს აკონტროლებენ. ისინი უკრაინისგან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

დღეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთი ჟენევის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. პრეზიდენტ ობამას თქმით, მას მოსკოვის მხრიდან თანამშრომლობის იმედი არ აქვს და შესაბამისად, რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები ელის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებს „ფერადი რევოლუციის“ ორკესტრირებაში და უკრაინის გეოპოლიტიკურ თამაშებში პაიკად გამოყენებაში ადანაშაულებს. დღევანდელ განცხადებაში ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ცივ ომში მოგებულივით იქცევა და რომ ის ევროპულ პოლიტიკაში რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG