ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი: უკრაინელი ხალხი არჩევანის უფლებას იმსახურებს


17 მარტი, 2014
17 მარტი, 2014
უკრაინის კრიზისის მიმდინარეობის ფონზე, რასაც მარტში ყირიმის ანექსიის ფაქტი, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ჯარების მობილიზაცია და აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში რუსეთის მიერ ანტი-სამთავრობო ძალების მხარდაჭერა ართულებდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას მიაღწიეს დაძაბულობის დე-ესკალაციის მიზნით.

17 აპრილს, პრეს-კონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ კეთრინ ეშტონთან ერთად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შეაჯამა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებზეც მხარეები, უკრაინაში სიტუაციის განეიტრალების და ყველა უკრაინელის უსაფრთხოების აღდგენის მიზნით შეთანხმდნენ.

პირველი პუნქტის თანახმად, ყველა მხარე თავს შეიკავებს ძალადობაზე, დაშინებასა და მაპროვოცირებელ ქმედებებზე.

დამატებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კერიმ აღნიშნა, რომ ყველა მხარემ „მკაცრად დაგმო და უარყო ექსტრემიზმის, რასიზმისა და რელიგიური შეუბრალებლობის, მათ შორის ანტი-სემიტიზმის გამოვლინებები.“

მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი პუნქტი ითვალისწინებს ყველა უკანონო შეიარაღებული ჯგუფის განიარაღებას და უკანონოდ დაკავებული შენობების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებას.

მესამე პუნქტია იმ ადამიანების ამნისტია, ვინც უკანონოდ დაკავებულ შენობებსა და საზოგადოებრივ ადგილებს ნებაყოფლობით დაცლის, და დაყრის იარაღს. მხარეების შეთანხმებით, ამნისტიას არ დაექვემდებარებიან სერიოზული დანაშაულის ჩამდენები.

ჟენევაში მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო მონიტორინგის მისია წამყვან როლს ითამაშებდა უკრაინის მთავრობის და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაში დე-ესკალაციის ზომების გატარების პარალელურად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და რუსეთმა პირობა დადეს, რომ ამ მისიას მუშაობაში ხელს შეუწყობდნენ და მონიტორებსაც მოუხდენდნენ დისლოცირებას.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჟენევის შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატები დაარწმუნა „ქვეყანაში მიმდინარე ინტენსიური და ინკლუზიური საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის“ შესახებ, და რომ მინისტრის თქმით, ეს პროცესი „მოწოდებული იყო ყველა ლეგიტიმური საჩივარი და დარღვევა გაეთვალისწინებინა."

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჟენევის შეთანხმებას „პროდუქტიული მუშაობის შედეგი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი განხორციელება დაუყოვნებლივ უნა მოხდეს. კერიმ თქვა, რომ მან მკაფიოდ აუხსნა რუს კოლეგას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შეთანხმების განუხორციელებლობას, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების ჩათვლით.

ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ „უკრაინის მთავრობა ექსტრაორდინალურ მოთმინებასა და სიძლიერეს იჩენს დიდი გამოწვევებისა და ზეწოლის პირობებში.“ კერიმ თქვა ისიც, რომ უკრაინელი ხალხი საკუთარი მომავლის შესახებ არჩევანის უფლებას იმსახურებს და რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის გვერდით იქნება ამ რთული გზის მანძილზე, რომელმაც უკრაინას „დემოკრატია, კეთილდღეობა და მშვიდობა უნდა მოუტანოს.
XS
SM
MD
LG