ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წამების ფაქტები სირიაში


„ჰუმან რაითს ვოჩმა“ მასშტაბური კვლევა ჩაატარა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, სირიაში სულ ცოტა 27 წამების ცენტრი მოქმედებს. დეტალებს ლონდონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი არკვევდა.
დევიდ მეფამი ბრიტანეთში „ჰუმან რაითს ვოჩის“ დირექტორია.
„რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის წამების შემაძრწუნებელი მეთოდები. ჩვენ ვნახეთ ხალხი უდიდესი სტრესის ქვეშ. ვნახეთ ხალხი, ვისაც დენზე აერთებდნენ, ვისაც მჟავას ასხამდნენ, ასევე იყო ხალხი, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. საშინელი დანაშაულია ჩადენილი,“ - ამბობს მეფამი.
„ჰუმან რაითს ვოჩმა“ თავის კვლევაში 200-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. მოხსენებას თან ერთვის რუკა, სადაც დაკავების ცენტრებია აღნიშნული. ასევე ჩამოთვლილია ის უწყებები და ხელმძღვანელები, რომლებიც ადამიანთა წამებაში იღებენ მონაწილეობას.
„ვფიქრობ, რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს განეიტრალება შეძლეს და ამდენად ამ მოხსენებით რაიმე ცვლილება ვერ განხორციელდება,“
ფავაზ გერგესი.

მეფამი ამბობს, რომ კვლევის მიზანი დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაა. ეს კი ძირითადად სირიის მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროა.
ოფიციალურ დამასკოს ჯერჯერობით „ჰუმან რაითს ვოჩის“ მოხსენებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, ციხეებში ჩადენილი ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს განეკუთვნება. „ჰუმან რაითს ვოჩის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ აღნიშნული საკითხით გაეროს უშიშროების საბჭო დაკავდეს და საქმე საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს. შესაბამისა, სასამართლოზე უნდა წარდგნენ ის პირები, რომლებიც ამ დანაშაულში უშუალოდ მონაწილეობენ.
ფავაზ გერგესი ლონდონის ეკონომიკური სკოლის ანალიტიკოსია.
„ვფიქრობ, რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს განეიტრალება შეძლეს და ამდენად ამ მოხსენებით რაიმე ცვლილება ვერ განხორციელდება,“ - ამბობს გერგესი.
მისი თქმით, ჩინეთისა და რუსეთისთვის სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, სადაც ორივე მხარე არღვევს ადამიანთა უფლებებს.
„თქვენ არ შეგიძლიათ შეადაროთ სირიის მთავრობის და ოპოზიციის ქმედებები. და ვიდრე ადამიანთა წამება ხდება, გრძელდება ძალადობაც და ადამიანთა უფლებების დარღვევები, როგორც ხელისუფლების, ასევე შეიარაღებული ოპოზიციის მხრიდან,“- ამბობს გერგესი.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ მოხსენებას უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის მთავრობა. საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, ისინი ვინც სირიაში ამ წამებებს ახორციელებენ, ვერსად დაიმალებიან. მისი თქმით, ლონდონი თავის პარტნიორებთან ერთად ყველაფერს იღონებს, რათა ეს პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
XS
SM
MD
LG