ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია - ბრძოლა ალეპოსთვის


მსოფლიოს ლიდერები პრეზიდენტ ასადს აფრთხილებენ

სირიელი ამბოხებულების განცხადებით, სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ბრძოლები გრძელდება ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოში. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შეტაკებები ქალაქის რამდენიმე რაიონში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქალაქის ცენტრალურ ციხეზე მიიტანეს შეტევა, რის შედეგადაც რვა დაკავებული დაიღუპა. ამბოხებულთა თქმით, სამთავრობო ძალები ასევე აგრძელებენ დამასკოს გარეუბნის, ასევე ჰომსის და დეირ ეზორის დაბომბვას.
სირიის ოპოზიციის ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელმა ჯორჯ საბრამ „ამერიკის ხმას“ ტელეფონით განუცხადა, რომ მისი ნათქვამი წინა ცნობებში არასწორად იყო გადაცემული. მან უარყო ინფორმაცია, თითქოს ნაციონალური საბჭო თანახმაა ასადის ქვეყნიდან წასვლის შემთხვევაში ხელისუფლება მისი რეჟიმის წარმომადგენელმა გადაიბაროს.

„რეჟიმთან დაკავშირებით, ნაციონალური საბჭოს პოზიცია უცვლელია. ტრანზიციის პერიოდი უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადი და მისი რეჟიმი ძალაუფლებას დათმობს. ტრანზიციის პერიოდის პრინციპები გამოცხადდა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის მიერ ორი კვირის წინ ქაიროში გამართულ შეხვედრაზე. ამდენად, ამაში ახალი არაფერია,“ - განაცხადა საბრამ.

პარალელურად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მსოფლიოს სხვა ლიდერებმა სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე გააფრთხილეს. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, სირიაში მომწამვლელი ან სხვა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ასადს დაეკისრება.
XS
SM
MD
LG