პარასკევი, 18 აპრილი, 2014

ახალი ამბები

სილიკონის სანაპიროს პოპულარობის საიდუმლო

ახალი ტენდენცია ამერიკის მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში

x
ტექსტის ზომა - +
სან ფრანცისკოსთან მდებარე სილიკონის ველი მაღალტექნოლოგიური კომპანიების სათაო ოფისებით არის სახელგანთქმული. მათ შორის ყველასთვის კარგად ცნობილი „გუგლი“ და „ფეისბუქიც“ არიან. თუმცა, ამ ბოლო დროს კომპიუტერის და სხვა უმაღლესი ტექნოლოგიების ახალი ფირმები ბიზნესის დაწყებას ლოს ანჯელესის დასავლეთით მდებარე სილიკონის სანაპიროზე ამჯობინებენ.
 
მათ შორისაა ინტერნეტ კომპანია „ჯიბ-ჯაბი“, რომელიც მომხმარებლებს პერსონალური ელექტრონული ბარათების შექმნას და გაგზავნას სთავაზობს. „ჯიბ-ჯაბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გრეგ სპირიდელისი, ნიუ იორკიდან კალიფორნიაში 10 წლის წინ გადავიდა, როდესაც მისი ფირმა ე.წ. „დოტ-კომ ბუმმა“, ანუ ინტერნეტ-ბიზნესების ძლიერმა ტალღამ შთანთქა. გრეგ სპირიდელისმა ლოს ანჯელესში ახალი, წარმატებული კომპანია დააფუძნა.

Silicon Beach
Silicon Beachi
|| 0:00:00
...
 
🔇
X


 
„ნაპირიდან ფეხით სავალ მანძილზე ვართ. ტემპერატურა  აქ მუდმივად 22 გრადუსია და თან ყოველდღე მზიანი ამინდი გვაქვს. თუმცა, ლოს ანჯელესში ამინდის, ან ტექნოლოგიური კომპანიების გამო არ გადმოვსულვართ. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს ვეძებდით და ისინი აქ მრავლად არიან“ - ამბობს ის.
 
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, აშიშ სონი ამბობს, რომ დაახლოებით 4 წლის წინ ლოს ანჯელესის ნაპირებზე ახალი ტენოლოგიების მწარმოებელი კომპანიები სოკოებივით მომრავლდა.
 
უმუშევრობამ და 2008-2009 წლების ეკონომიკამაც დიდი როლი ითამაშა. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა ტრადიციულ კორპორატიულ კარიერაზე უარი ეთქვა და ახალი ბილიკების გაკვალვა დაეწყო“ - აღნიშნავს ის.
 
მოხდა ისე, რომ ახალი კომპანიების დიდი უმრავლესობა კალიფორნიის სანაპირო ზოლზე -სანტა მონიკიდან ვენეციამდე- გაიხსნა და სწორედ ამ ნაწილს უწოდებენ სილიკონის სანაპიროს. ეს სახელი გრეგ სპირიდელისს არ მოსწონს, ვინაიდან სილიკონმა უკანასკნელ წლებში ერთგვარი ხელოვნურობის, სიყალბის კონტექსტი შეიძინა.
 
ერთადერთი სილიკონი, რასაც ამ ნაპირებზე ნახავთ, უმეტესად ადამიანის სახეზე, ან მის სხეულზეა. არ მესმის, რა საჭიროა ეს ახალი ბრენდი“ - ხუმრობს ის.
 
კომპანია „რასტიკ კანიონი“ სანტა მონიკაში დაფუძნდა. მისი მმართველი პარტნიორი, ნეით რედმონდი ამბობს, რომ ლოს ანჯელესის რეგიონი უფრო მოსახერხებელია და ბევრი ნიშნით არის უნიკალური, ვიდრე მისი ჩრდილოელი კონკურენტი, სან ფრანცისკოსთან მდებარე სილიკონის ველი.
 
გასაგებია უკვე დამკვიდრებული ტრადიციების დაცვის სურვილი, მაგრამ არა მგონია დამწყები ბიზნესმენებისთვის შეზღუდვების დაწესება სწორი იყოს. ისინი ხომ საზოგადოებაში ერთგვარ ეკოსისტემას ქმნიან, რომელიც რეგიონში ბუნებრივად უნდა განვითარდეს და დამკვიდრდეს“ - აღნიშნავს ის.
 
დამწყები ბიზნესმენები სილიკონის სანაპიროს კიდევ ერთ უპირატესობაზე საუბრობენ. ეს მისი ჰოლივუდთან სიახლოვეა. ჰოლივუდის სპეცეფექტების უმრავლესობა იქვე მდებარე კალიფორნიის ქალაქ ვენეციაში იქმნება. ბეტ ობრაიანი ტექნოლოგიური კომპანიის „ვიდის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. „ვიდი“ მომხმარებელს სპეციალურ კომპიუტერულ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მას ვიდეოკლიპის შექმნაში, სრულყოფაში და გავრცელებაში ეხმარება.

ბეტის თქმით, ყველაზე ნიჭიერი რეჟისორების, პროდიუსერების და ოპერატორების უმრავლესობა სწორედ იქ, ვენეციაში მუშაობს.
 
კომპანია „ვიდი“ ერთი წლისაც არაა და დღეს უკვე 38 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. და ამ წარმატებას ბეტ ობრაიანი სწორედ ჰოლივუდთან სიახლოვეს და მისი მომსახურების ცნობილი ვარსკვლავების მიერ გამოყენებას უმადლის.
 
ნეით რედმონდს კომპანიიდან „რასტიკ კანიონი“ შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს:
 
„2011 წელს ლოს ანჯელესის დამწყებ ბიზნესებში ინვესტირებული თანხა  ბოლო 10 წლის ინვესტიციებს ერთად აღებულს აღემატება“ - ამბობს ის და დასძენს, რომ უკანასკნელი 18 თვის მანძილზე გააქტიურებული კაპიტალდაბანდებები 2012 წლის იანვრის შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ახალი კომპანიების უმეტესობა საქმიანობას ინტერნეტზე ეწევა, ან მათ ემსახურება.
 
ანალიტიკოსების აზრით, მართალია სილიკონის ველი უმაღლეს ტექნოლოგიებში ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ ლოს ანჯელესის და კერძოდ, სილიკონის სანაპიროს სახით მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.
Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 11 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ვაშინგტონიდან დანახული სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში; როგორი იქნება მომავლის თვითმფრინავი? სონორას უნიკალური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს უდაბნოს გაცნობის საშუალებას აძლევს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 5 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რა კავშირია ლონდონის ეკონომიკასა და რუს ოლიგარქებს შორის? ამერიკელების რეკორდული რაოდენობა საცხოვრებლად ქალაქებში გადადის და მანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს... ინდუსტია, რომელმაც შარშან ამერიკაში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი გაყიდა...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 21 მარტი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ - ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო სენატმა კონგრესის კომპიუტერებზე თვალთვალში დაადანაშაულა; პალესტინელი და ისრაელელი ახალგაზრდების სოციალური მოძრაობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაჭრას მუსიკით ცდილობს. გადაცემის სტუმარი ყოფილი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისია.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.