ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია სასამართლოს სამსჯავროზე


ხელისუფლების ზეწოლის არსებობა დამტკიცდება იმის მიხედვით, გამოიწვევს თუ არა სასამართლო დავა ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერებას, ან მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვას.

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, საქართველოში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ფრაზები ხელისუფლების სურვილის შესახებ, რაც მედიის კონტროლს უკავშირდება. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ხელისუფლებიდან პირდაპირი და უშუალო დირექტივები მედია-საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით არ სახელდება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და ანალიტიკოსები იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რასაც ბოლო დროს მედია-სფეროში ჰქონდა ადგილი, ხელისუფლების მხრიდან ირიბ ზეწოლაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელთა შედეგად, ერთ შემთხვევაში თოქ-შოუები დაიხურა, მეორეს მხირვ კი მედია-საქმიანობის გაგრძელებისთვის გზა ეჭრება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიას საქართველოში - რუსეთავი 2-ს.
კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადებულმა ყადაღამ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის- შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ წილებზე, შესაძლოა გარდაუვალი გახადოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ყველაზე მაღალრეიტინგული არხის ფუნქციონირების შეჩერება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია: „ჩემთვის მთავარია, რუსთავი 2-მა გააგრძელოს მაუწყებლობა. ყველას აქვს, მით უმეტეს, მედია საშუალებას, გამოხატვის თავისუფლება და მედია საშუალებას აქვს ასევე უფლება და თავისუფლება გაავრცელოს ინფორმაცია. ჩემი მიზანია, აი, ეს უფლება, ზემიწევნით იყოს დაცული. დავის განხილვა არაა აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი საქმე“.
ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის შესახებ საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს ნაციონალურმა მოძრაობა სცადა, თუმცა მცდელობა ინციდენტით დასრულდა. დეპუტატები ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთნენ. ანალოგიური ვითარება შეიქმნა პარლამენტის გარეთ, სადაც შეკრებილი მოქალაქეები ასევე ცდილობდნენ რუსთავი 2-ის მხარდაჭერას საპროტესტო აქციაზე.
დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძე ოფიციალური პირების მხრიდან თმენის ვალდებულების შესახებ საუბრობს: „ცხრა წელი ასე იქცეოდა ეს ხალხი და ამაზე უარესადაც. ახლა მოუწევთ ამის ატანა და ამაზე უარესის, ამას უნდა შეეგუონ“.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე რუსთავი 2-ს პოლიტიკური ზეწოლის ობიექტად განიხილავს: „თვალნათელია, რომ ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკური ინტერესი მმართველი ძალის: რომ რუსთავი 2, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მაუწყებელი გაქრეს საქართველოში რადარებიდან.“
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმის ინიციატორმა და მისი ქონებით დაინტერესებულმა ქიბარ ხალვაშმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტები სასამართლო დავის შედეგად არ დაზარალდებიან და სამსახურს არ დაკარგავენ.
კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავა, კერძო-სამართლებრივი დავაა, რაც ფორმალურ დონეზე გამორიცხავს მასში სახელმწიფოს პირდაპირ მონაწილეობას, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რაც აჩენს სერიოზულ ეჭვებს მიმდინარე პროცესზე ხელისუფლების გავლენის შესახებ, მათ შორისა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რუსთავი 2-თან მიმართებით გაკეთებული არაერთი განცხადება, რიგ შემთხვევებში - მუქარაც, განსხვავებული, კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების მიუღებლობისა და ჩახშობის მცდელობები ხელისუფლების მხრიდან და მედია სივრცეში განვითარებული სხვა მოვლენები.
რუსთავი 2-ის შესახებ დღეს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც ისაუბრა: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის თავისუფლებას. გვსურს ვიხილოთ პლურალისტული და შეუზღუდავი მედია-გარემო. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ ამას, შეკითხვებსაც ვსვამთ. გვქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს და მოხარული ვარ, რომ რუსთავი-2 ეთერშია“.
დამტკიცება იმისა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმე არაა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის გამოხატულება, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დავის წარმოება არ გამოიწვევს ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერებას, ან მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვას - მიიჩნევენ მედია კოალიციის წევრები.
XS
SM
MD
LG