ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადის მხარდაჭერით რუსეთი საკუთარ თავს იცავს


ვითარების გამოსასწორებლად, რუსეთს მტრის ხატის შექმნა სჭირდება, ამისთვის კი ამერიკა საუკეთესო კანდიდატია, აცხადებს დევიდ სატერი.

ამერიკის ხმის აზერბაიჯანულმა განყოფილებამ საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ინსტიტუტის უფროს მკვლევარ დევიდ სატერს რუსეთ-სირიის ურთიერთობებზე ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ჩანაწერს:

- ბატონო დევიდ, წარსულში რუსეთი ყოველთვის ეწინააღმდეგობდა დასავლეთის ძალისხმევას ავტოკრატული რეჟიმების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობების მხარდაჭერაში. ეს, განსაკუთრებით, არაბულ სამყაროს ეხება. მაგრამ რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტ ბაშალ ალ ასადისთვის უპირობო მხარდაჭერის გამოხატვა საერთაშორისო საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. როგორ შეიძლება ავხსნათ რუსეთის ეს პოლიტიკა?

- ჩემი აზრით, ეს ლოგიკური ნაბიჯია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ, რომ რუსეთის ახლანდელი მთავრობა სირიის მთავრობის მსგავსად არალეგიტიმურია და ისიც წარმოადგენს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი მოსახლეობის ეშინია. გარდა ამისა, ეს არის რეჟიმი, რომელსაც არ აქვს მექანიზმები სირთულეები დემოკრატიული მეთოდებით გადაჭრას. რუსეთის მთავრობა ასევე ხედავს უკმაყოფილებას საკუთარ მოსახლეობაში. ამ მიზეზების გამო, რუსეთს ასადთან „სულიერი კავშირები“ აქვს და ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის ინტერვენციას და არა-პოპულარული და ავტოკრატული ლიდერების გაძევების ზეწოლას და ეს იმიტომ, რომ იგივე პრინციპი შეიძლება მათაც მიესადაგოს.

- ამ ლოგიკაზე დაყრდნობით, შიეძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ ჩინეთის მხარდაჭერას ასადის მიმართ იგივე მოტივი აქვს?

- დიახ, ჩინეთს მსგავსი მოტივები და მსგავსი ღირებულებები აქვს. ამ ქვეყნებში მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მხოლოდ დასავლეთის დემოკრატიული სტანდარტების მიხედვითაა შემაშფოთებელი. თავად რუსეთმა არადერთხელ გამოიყენა საჰაერო დაბომბვის მეთოდები ჩეჩნეთში ამბოხებულების წინააღმდეგ და ამას ისე აკეთებდა, რომ არ ითვალისწინებდა სამოქალაქო პირებისა და მშვიდობინი მოსახლეობის უსაფრთხოებას. გასაგებია, თუ რატომ არის რუსეთი ასე შეშინებული სირიაში მიმდინარე მოვლენებით. ეს იმის გამო ხდება, რომ თავადაც მსგავს ტაქტიკას იყენებს მოსახლეობის წინააღმდეგ.

- იმის გათვალისწინებით, რომ არაბული სამყაროს დიდი ნაწილი ასადის რეჟიმის შეცვლის მომხრეა, ხოლო რუსეთი კი მას მხარს უჭერს, სირიის გამო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის გავლენიან ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას ხომ არ რისკავს? საერთოდ, აინტერესებს რუსეთს ეს ესპექტი?

- ეს მათ ცოტათი, ალბათ, აღელვებთ, მაგრამ არ მგონია იმას ფიქრობდნენ, რომ არაბული სამყაროს უკმაყოფილება გრძელვადიანი იქნება. რუსეთი უფრო ხელჩასაჭიდი ფაქტორებით ხელმძღვანელობს, მაგალითად, ვის ხელშია ძალაუფლება, რისი გაკეთება შეუძლია რომელიმე რეჟიმს მოსკოვისთვის. მოკლედ რომ შევაფასოთ რუსეთის არაბული სამყაროს მიმართ დამოკიდებულება, ვიტყოდი, რომ რუსეთს მათი შეხედულებები ნაკლებად აინტერესებს და ამასთან მიიჩნევს, რომ არაბული ქვეყნების უკმაყოფილება მხოლოდ მოკლევადიანი ფაქტორი იქნება.

- სირია ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ერთადერთ საზღვაო ბაზას მასპინძლობს. როგორ ფიქრობთ, ამ გარემოებას დიდი გავლენა აქვს მოსკოვის მხრიდან ასადის უპირობო მხარდაჭერაზე?

- რა თქმა უნდა, ამ ბაზას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს რუსეთისთვის არა მხოლოდ ძლიერი ქვეყნის სტატუსად მოიაზრება, არამედ სირიაში საზღვაო ბაზის ქონით, რუსეთი მთლიან რეგიონზეც ინარჩუნებს გავლენას. მსგავსი ბაზის მიღება რუსეთს სხვა არც ერთი ქვეყნისგან შეუძლია.

- ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა ის, რომ მოსკოვმა მას პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზოს?

- ეს რეალური შესაძლებლობაა. ასადისთვის თავშესაფარის შეთავაზებით, რუსეთი მთელს მსოფლიოს დაანახებს, რომ მოსკოვის მოკავშირედ ყოფნა გარკვეულ გარანტიებს იძლევა და რომ რუსეთი მეგობრებს გასაჭირში დახმარებას უწევს. მაგრამ ასევე შესძლებელია რუსეთმა ბელარუსს სთხოვოს ასადის შეფარება... მართალი გითხრათ, ძნელი სათქმელია რა მოხდება.

- რუსეთის მიერ სირიის რეჟიმის მხარდაჭერას ექნება თუ არა გავლენა ამერიკა-რუსეთის გრძელვადიან ურთიერთობებზე?

- ჩემი აზრით, სირია კრიტიკული ფაქტორი არ არის. მოსკოვის ურთიერთობა ამერიკასთან შეიძლება გაუარესდეს, მაგრამ ეს მოხდება არა სირიის გამო, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით მთავრობამ ნდობა გაიმყაროს. რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ამ ბოლო დროს მკვეთრად შეირყა და მათ ამ ვითარების გამოსასწორებლად ქვეყნის მმართველსბს მტრის ხატის შექმნა სჭირდებათ, ამისთვის კი ამერიკა საუკეთესო კანდიდატია.
XS
SM
MD
LG