ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ აშშ-ში ესტონეთის ელჩთან მარინა კალიურანდთან


მარინა კალიურანდი
მარინა კალიურანდი
ამერიკის ხმა: რას იტყვით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე?

მარინა კალიურანდი: ესტონეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ ამ ორგანიზაციების და ჩვენი მოკავშირეების მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს. რუსეთი, საკუთარი მოქმედებით, კანონს არღვევს. ამაში ეჭვი არ გვეპარება. ჩვენთვის ეჭვს ასევე არ იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ამას გარდა, მოსკოვი დგას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკან. ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ქმედებით რუსეთი საერთაშორისო იურიდიულ ნორმებს და შეთანხმებათა პრინციპებს არღვევს. ფაქტობრივად, ბოლო მოვლენებმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი მთლიანად შეცვალა.

ამერიკის ხმა: როგორია ესტონეთში ეთნიკური რუსული მოსახლეობის რეაქცია? უკრაინის მოვლენებს ისინი პერიოდული გამოსვლებით პასუხობდნენ. ამ მხრივ რა მდგომარეობა გაქვთ ახლა?

მარინა კალიურანდი: ეთნიკური რუსები ესტონეთის სრული მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენენ. თავად მეც, ნაწილობრივ რუსულენოვანი ვარ, რადგან ამ ენაზე დედასთან. თუმცა მე არანაირი დაცვა ესტონეთში, ამის გამო, არ მესაჭიროება.

ჩვენს ქვეყანაში არის წარმოშობით რუსი მოსახლეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს ესტონეთში. ისინი საზოგადოების, კულტურის ნაწილს შეადგენენ და ასეც გრძნობენ საკუთარ თავს. მათ თავი ევროპის ნაწილად მიაჩნიათ. პარალელურად, არის რუსულენოვანი მოსახლეობის მეორე ნაწილი, ეს არის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში შემოსული ხალხი. მათი შეხედულებები განსხვავებულია. ისინი სავარაუდოდ ეთანხმებიან ვლადიმირ პუტინის მოსაზრებას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. თუმცა აქვე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანების შვილები ანუ ჩვენი მომავალი თაობა, თავს ესტონეთის და ევროპის ნაწილად მიიჩნევს. ეგრეთწოდებული საბჭოური შეხედულებების ადამიანების რაოდენობა არ ვიცი ზუსტად რამდენია, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ძალიან მცირე პროცენტს შეადგენენ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ესტონეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. ამ დღის შემდეგ, დღევანდელ პერიოდამდე, ძალიან დიდი დრო გავიდა და ამ ხალხს ესტონეთიდან წასვლის საშუალება ჰქონდა, თუმცა ისინი ესტონეთში დარჩნენ.

ამერიკის ხმა: გრძნობთ თუ არა თავს ერთგვარი საფრთხის ქვეშ, რომ რუსეთმა, ანალოგიური მოქმედება ბალტიისპირეთშიც დაიწყოს?

მარინა კალიურანდი: რა თქმა უნდა ჩვენ ეს გვაფიქრებს, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი მოსაზღვრე ქვეყანაა. ამასთან, გვაქვს მათთან არასახარბიელო ურთიერთობის ისტორიაც. მდგომარეობა გვაფიქრებს იმდენად რამდენადაც რაც ახლა ყირიმში ხდება ზუსტად იგივე ხდებოდა ბალტიისპირეთში 1940 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში. მაგრამ ახლა ჩვენ უფრო დარწმუნებულები ვართ იმიტომ რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრები ვართ. ნატომ უკვე გვაჩვენა რომ ბალტიისპირეთში აძლიერებს მოქმედებს და უნდა რუსეთის შეკავება. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირებას ახდენს და ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. რუსეთმა დაამტკიცა, რომ საკუთარი კურსის შეცვლას მხოლოდ ძალის დემონსტრირების და ზეწოლის შემდეგ ახდენს.

ამერიკის ხმა: რამდენად საკმარისია ნატოსა და ევროკავშირი რეაქცია ამ კრიზისზე? არის თუ არა მათი საპასუხო ნაბიჯები საკმარისად ძლიერი და ეფექტური?

მარინა კალიურანდი: ნატო უკრაინაში მიმდინარე მოქმედებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს, ჩვენ ეს დამაკმაყოფილებად მიგვაჩნია. ალიანსმა უკვე გადადგა არაერთი კონკრეტული ნაბიჯი, მათ შორის ის, რომ გაწყვიტა რუსეთთან სამხედრო სფეროში არსებული კავშირები. რაც შეეხება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს: მიმდინარეობს მოლაპარკებები, ისინი ძალიან აქტიურად ადევნებენ მოვლენებს თვალს. ევროკავშირის შემთხვევაში საკითხი უფრო კომპლექსურია, რამეთუ საქმე ეხება 28 სხვადასხვა ქვეყნის გაერთიანებულ პოზიციას, და ეს, რთული საკითხია. ევროპამ უკვე დააწესა ვიზის გაცემაზე შეზღუდვები, და აამოქმედა სანქციები. მიმდინარე დისკუსიები კი ეხება იმას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას.

რაც შეეხება ევროკავშირის საპასუხო მოქმედებებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას, მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირი, რომელსაც ესტონეთიც წარმოადგენს, ძალიან მონდომებულია, და მზად არის კონკრეტული საზღაური გადაიხადოს და რუსეთიდან ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევა მოახერხოს. რუსეთის ბიუჯეტის 40 პროცენტი ენერგომატარებლების ექსპორტით ივსება. ევროპას დიდი ზეწოლის მოხდენა შეუძლია რუსეთზე თუ მან ეს გადაწყვიტა, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს უნდა იყოს 28 ქვეყნის გაერთიანებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ევროპას ამის გაკეთება ძალუძს.
XS
SM
MD
LG