ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტი საზოგადოების დაკვეთის გარეშე


შეიძლება თუ არა ეწოდოს თვითმმართველობის კრიზისი იმას, როდესაც საკრებულოში მართვის სადავეებს ხელში იღებს ოპოზიცია და ახერხებს არჩევნების შედეგად თავმჯდომარედ მოსული პირის გადაყენებას. თანაც იმ პირობებში, როდესაც იმპიჩმენტის დაკვეთა საზოგადოებიდან კი არ მოდის, არამედ მხოლოდ საკრებულოს ოპოზიციური წევრების არჩევანს წარმოადგენს.

თბილისის საკრებულოში მუდმივადაა ჭიდილი ოპოზიციურ და მმართველ გუნდს შორის. ორივე მხარე ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, როდესაც საქმე პროექტების შეფერხებას, ჩავარდნას, გზების მოწყობლობას თუ სხვა საკითხებს ეხება. დღეს კი გორის საკრებულოში ადგილი ჰქონდა პრეცენდენტულ შემთხვევას, როდესაც 15 კაციან საკრებულოში 8 ოპოზიციონერმა გაერთიანება შეძლო და ქართული ოცნების სიით მოსული საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე კომისიების 5 ხელმძღვანელის იმპიჩმენტი მოახდინა. რამდენად შეიძლება ამგვარმა პროცესებმა შეაფერხოს საზოგადოებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამდენად სასარგებლო და აუცილებელია დემოკრატიის განვითარებისთვის მსგავსი პროცესები, ამის გარკვევას ამერიკის ხმა რამდენიმე რესპონდენტთან შეეცადა.

პარლამენტარი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს: „პეტრე იყო უმრავლესობის წარმომადგენელი. ახლა უმრავლესობამ დაკარგა უმრავლესობა და აღმოჩნდა ოპოზიციაში. ახალი უმრავლესობა ირჩევს იმას, ვინც თვითონ უნდა. ასე რომ ხდება გადასვლები აქედან იქით, იქიდან აქეთ, განვითარებულ და დალაგებულ საზოგადოებაში ასეთი რამ ხდება იშვიათად. მაგრამ იქ, სადაც თვითონ პროცესი პოლიტიკური პარტიების ფორმირების, სტაბილური პოლიტიკური სტრუქტურების არსებობის დგას და როდესაც ეს პრობლემაა, ბუნებრივია, ეს თავის ასახვას პოულობს წარმომადგენლობით ორგანიებშიც. სასიამოვნო არაა, მაგრამ ამას, ასეთი სახის პრობლემებს, უბრალოდ ვერ გავექცევით. გორში, როგორც ჩანს, საკრებულოს შემადგენლობაში, პოლიტიკურ კომპონენტებს შორის მოხდა რაღაც ცვლილება. არჩევნების შედეგადაც სავსებით შესაძლებელია, აღმოჩნდეს, რომ ვთქვათ, საკრებულოში X,Y,Z პარტიებისგან შემდგარი უმრავლესობა შეიკრიბოს და ამ დროს მერი იყოს V, ვთქვათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, საკრებულოს უმრავლესობამ და მერმა თუ ვერ მონახეს საერთო ენა, მაშინ იქმნება კრიზიკული სიტუაცია მართვის თვალსაზრისით.

მაგალითისთვის, ამერიკის მმართველობის მოდელი ეფუძნება ურთიერთშეთანხმებისა და კომპრომისების პრინციპს. პრინციპი არის კომპრომისის მიღწევის აუცილებლობა და გარდუვალობა, თორემ თუ ვირზე შესხდნენ ერთის მხრივ პრეზიდენტი და მეორეს მხრივ კონგრესი, მაშინ მივალთ იმ ვითარებამდე, რაც მომხდარა არაერთგზის ლათინური ამერიკის ქვეყნებში - როდესაც კონსტიტუციური კრიზისიდან გამოსვლა ხდება არაკონსტიტუციური გზით, ძალის გამოყენებით. ამერიკულ საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს ამ კომპრომისის გარდუვალობა და იქ ასეთი კრიზისი არ წარმოქმნილა და არც წარმოიქმნება, იმედი მაქვს. მაგრამ სხვაგან მთლად ასე არ ხდება, განსაკუთრებით პრობლემურად იჩენს ხოლმე თავს ასეთი საკითხები ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც არაა დემოკრატიული მმართველობის ტრადიცია, არჩევნების თავისუფლების, მოქალაქეთა პასუხისმგებლობის განცდა. ახლა ჩვენთან თვითმმართველობა გამოცდას აბარებს.“

ამერიკის ხმა ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა, რომელიც ამბობს: „პოლიტიკური კულტურა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ასე მუშაობასაც შევეჩვიოთ. მე ვფიქრობ, რომ ახლა, იმპიჩმენტის შემდგომ შეიძლება უფრო ჯანსაღი ვითარება შეიქმნას, როდესაც საკრებულო და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ერთმანეთს გაეჯიბრებიან იმაში, ვინ უკეთ დაიცავს ხალხის ინტერესს და ამ თვალსაზრისით, წესით ნაკლები პრობლემა უნდა შეიქმნას. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ყველაფერი პირიქით განვითარდეს და დაიბლოკოს სიტუაცია, შეიქმნას ერთგვარი მკვდარი ვითარება, რომელიც უძრაობას მოასწავებს, მაგრამ წესით, ეს არავის არ უნდა აწყობდეს.“

ამერიკის ხმასთან კომენტირებისას პარლამენტარმა გორიდან სოსო ვახტანგაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შიდა ქართლის გუბერნატორი საჯაროდ ამხილა შეუსაბამო პოლიტიკის გატარებაში, განაცხადა: „იმპიჩმენტის მოთხოვნა საზოგადოების შეკვეთა არ ყოფილა ოპოზიციური პარტიებისთვის. ადგილი არ ჰქონია არც ერთ მიტინგს, არც ერთ გამოსვლას საზოგადოების მხრიდან, არც საპროტესტო აქციები გამართულა საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების წინააღმდეგ. არც ინტერესთა ჯგუფების მიერ არ ყოფილა გარკვეული აქტივობები ამ კუთხით. არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ მახსოვს, რომ რაიმე საპროტექსტო დაეფიქსირებინოთ საკრებულოსთან მიმართებით. პოლიტიკური ძალების გადაჯგუფების შედეგად, რომელიც დაფიქსირდა საკრებულოში, მივიღეთ ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა და განსხვავებული ძალთა ბალანსი, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში. რთულია ითქვას რა იქნება მომავალში, რადგან ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ცდილობს, ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, მაგრამ ამ დროს ამაზე არაა საზოგადოების დაკვეთა. ხელისუფლება, რომელიც აქამდე მართავდა საკრებულოს და ის წევრები, ვისაც ეკავა მაღალი თანამდებობები, არ იყვნენ საზოგადოებრივი პროტესტის ობიექტები.“

თვითმმართველობის რეფორმა ამ დროსითვის საქართველოში პილოტური პროგრამის რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გორის საკრებულო შესაძლოა ერთადერთი სულაც არ აღმოჩნდეს იმპიჩმენტის განმახორციელებელთა შორის. რამდენად ღირსეულად ჩააბარებს თვითმმართველობის რეფორმას ქართული საზოგადოება, ამას მომავალი აჩვენებს.

XS
SM
MD
LG